5 აპრილს უნგრეთის მთავრობა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სერბთა ავტონომიური რესპუბლიკისათვის ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის პროექტების დასაფინანსებლად €160 მილიონის გამოყოფას დათანხმდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
პროექტები, რომელთა დაფინანსებაზეც სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რადოვან ვისკოვიჩი, და უნგრეთის ეკონომიკის მინისტრი, მარტონ ნაგი, შეთანხმდნენ, ნარჩენების გადამუშავებისა და ქარისა და მზის ელექტროსადგურების მოწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების ნაწილი გერმანიის მთავრობამ წამოიწყო, თუმცა გასულ წელს მანვე შეაჩერა, რის მიზეზადაც რეგიონის ნაციონალისტი პრეზიდენტის, მილორად დოდიკის, სეპარატისტული მიზნები დასახელდა. ამ პროექტებს სამი უნგრული კომპანია: Veolia, MVM და Alteo - გადაიბარებს.
გასულ კვირას უნგრეთისა და სერბთა რესპუბლიკის მთავრობებმა ეკონომიკური ფორუმი სერბთა რესპუბლიკის დე ფაქტო დედაქალქ ბანია-ლუკაში გამართეს, რომელზეც ათობით კომპანიამ საკუთარი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გამართა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ბოსნიის ამ რეგიონს “შთამბეჭდავი” ეკონომიკური ზრდა ელი და უნგრეთის სურვილია, ამ ზრდის ნაწილი თავადაც იყოს. თავად ორბანს დოდაკიმ სერბთა რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო გადასცა.
ორბანმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში “საგარეო ძალების ჩარევაც” გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უნგრეთი მათ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარება.