მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა "რუსული კანონის" საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს და წერილობითი პოზიცია წარადგინეს

საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა სტრასბურგის სასამართლოში "რუსული კანონის" საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს და წერილობითი პოზიცია წარადგინეს.

საიას ცნობითვე, ორგანიზაციები საქართველოში მიღებულ კანონს ადარებენ უნგრეთში მიღებულს. მათი შეფასებით, ასეთი კანონები, ძირითადად, ემსახურებიან გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და დამატებით, ხშირად არღვევენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა უფლებებსაც, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად ისინი მიზნად ისახავენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას. ამ ტიპის საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ბუნდოვანი სამართლებრივი ფორმულირებები ქმნიან თვითნებური ინტერპრეტაციის საფრთხეს, რაც არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და აძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას, სუბიექტურად გამოიყენოს კანონი ორმაგი სტანდარტებით. შესაბამისად, ეს კანონები მოქმედებენ, როგორც დაშინებისა და რეპრესიების ინსტრუმენტები.

ამასთანავე, უნგრეთის შემზღუდველ კანონებს თან ახლდა სახელმწიფოს მტრული პოლიტიკა - ცილისწამების კამპანიები, ბიუროკრატიული ტვირთი, შერჩევითი აუდიტი და დაფინანსების შეზღუდვები. მსგავსი ტენდენციები საქართველოს შემთხვევაშიც შეინიშნება.

სახელმწიფოსა და პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცილისწამება და სიძულვილის გაღვივება გამოიყენება შემზღუდავი კანონების გასამართლებლად, მაგრამ ამასთან ერთად, ის ზეწოლის იარაღადაც მუშაობს - ქმნის მტრულ და ტოქსიკურ გარემოს სამიზნე პირებისა და ორგანიზაციების გარშემო.

"ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიმართავენ ევროპულ სასამართლოს, რომ საქართველოში მოქმედი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განიხილოს არა იზოლირებულად და ფორმალურად სამართლებრივად, არამედ, დამატებით გაითვალისწინოს მტრული კონტექსტის კუმულაციური, ურთიერთდაკავშირებული ეფექტები.

არ აქვს მნიშვნელობა კანონი სრულად აღსრულდა თუ არა, მისი არსებობა, უკვე იწვევს შიშსა და თავშეკავებას იმ პირებსა და ორგანიზაციებში, რომელთა მიმართაც შეიძლება იგი გავრცელდეს. ეს შიში განსაკუთრებით აშკარაა მაშინ, როდესაც ორგანიზაციები ხედავენ, თუ რა ბედი ეწიათ მათ კოლეგებს ისეთ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონები უკვე გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ", - აცხადებენ საიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები