უნგრეთმა ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნა დაბლოკა. ევროპულმა საბჭომ 26 ივნისს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერი წინადადება ვერ მიიღო, 27 წევრი სახელმწიფოდან წინადადების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ უნგრეთმა მისცა.
2025 წლის მარტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმს ჩაატარებდა.
ევროპული საბჭოს სხდომის წინ, ორბანმა წარმოადგინა უნგრეთის მთავრობის მიერ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, რომლის თანახმადაც 95% ევროკავშირში უკრაინის მიღებას ეწინააღმდეგება. ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე, ორბანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ შედეგების გათვალისწინებით აპირებს გააგრძელოს ვეტოს დადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ორბანმა ამის მიზეზად ომი დაასახელა და თქვა, რომ არ სურს ევროკავშირში ომში მყოფ ქვეყანასთან ერთად იყოს. უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო.




























