მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, United Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ კირბიმ, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს American Airlines-თან შესაძლო შერწყმის ინიციატივა შესთავაზა.
Reuters-ის ცნობით, ინდუსტრიის ორი უმსხვილესი მოთამაშის გაერთიანება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური კონსოლიდაცია იქნება, რომელიც საავიაციო ბაზარზე ერთპიროვნულ ლიდერს შექმნის.
კირბის განმარტებით, ერთიანი ავიაკომპანია საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას გაზრდის, რაც ვაშინგტონის სავაჭრო დეფიციტის შემცირების პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია.
ცხადია, ასეთი მასშტაბის M&A-გარიგების განხორციელება მნიშვნელოვან რეგულაციურ ბარიერებთან არის დაკავშირებული, რადგან გარიგებამ შესაძლოა ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად შეამციროს. დარგის ექსპერტები და ანტიმონოპოლიური სამსახურის იურისტები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციის მხრიდან მწვანე შუქის ანთების შანსი, ამ მიზეზების გამო, მცირეა. ამასთან, მოსალოდნელია წინააღმდეგობა პროფკავშირებისა და კონკურენტი ავიაკომპანიების მხრიდანაც, რომლებიც მარშრუტების დუბლირებასა და სამუშაო ადგილების შემცირებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ამ ეტაპზე უცნობია, გადადგა თუ არა United Airlines-მა ოფიციალური ნაბიჯები მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან ორივე კომპანია კომენტარისგან თავს იკავებს.
მიუხედავად ამისა, გავრცელებულ ინფორმაციას საფონდო ბირჟა მყისიერად გამოეხმაურა და American Airlines-ის აქციების ღირებულება 5%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, აშშ-ის საავიაციო ბაზარი ამჟამად ოთხი მსხვილი კომპანიის მიერ კონტროლდება, მათ შორის არიან: American, Delta, United და Southwest Airlines, რომლებიც დაახლოებით 17-17 პროცენტს ფლობენ.




























