მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უნივერსიტეტების გაერთიანების ნაცვლად, სამინისტროს კადრების მომზადებაზე უნდა ეფიქრა“- ზვიად ჭუმბურიძე

ზვიად ჭუმბურიძე

1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება - აღნიშნულს "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის ამოქმედებამდე მცირე დრო რჩება, თუმცა კომპანიებმა დღემდე არ იციან თამაშის კონკრეტული წესები, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს კანონქვემდებარე აქტები ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე, ქვეყანაში არსებულ კადრების მწვავე დეფიციტსა და მასობრივი ემიგრაციით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას აქვს თავისი რისკები, თუმცა ბაზარზე გაჩენილი ვაკუუმის შევსება ადგილობრივი რესურსით ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია, რადგან პროფესიონალთა დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. მისი შეფასებით, პროცესში ოქროს შუალედია საპოვნელი, რომ ერთ მხრივ გაზრდილი მიგრაციის რისკები დავაზღვიოთ და ბიზნესიც არ დაზარალდეს.

“ნებისმიერი კანონი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა ქვეყნისთვის არის მისაღები, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. ეს იქნება უცხოელ მოქალაქეთა დასაქმების კანონი თუ ნებისმიერი კანონი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას, საჭიროებს აუცილებელ ჩართულობას, სექტორულ ჩართულობას. როდესაც ბიზნესს ეხება ეს მიმართულება, რა თქმა უნდა ბიზნეს ორგანიზაციები უნდა იყვნენ პროცესში ჩართული.

კადრების დანაკლისი ძნელი შესავსებია დღესდღეობით, იმიტომ რომ ვეღარ ავსებ შენი მოქალაქით, ვინაიდან უმეტესი წილი დავარქვათ იმ პროფესიონალებისა, ვინც მეტ-ნაკლებად იცოდა თავისი პროფესია, ისინი წავიდნენ საზღვარგარეთ. უკვე იქ მუშაობენ და იქ დაფუძნდნენ. ბიზნესს კი დარჩა ბაზარი, სადაც კონკრეტული კადრების ნიშა ცარიელია და შევსება ძალიან ძნელია. ამას სჭირდება ზოგადად კადრების გადამზადება, თუნდაც ორწლიანი ციკლი მაინც სჭირდება, რომ პროფესიების მიხედვით გადაამზადო საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მერე საბოლოო ჯამში ადგილობრივ ბიზნესთან ერთად, შექმნიან სახელმწიფო დოვლათს.

ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს იმაზე, რაზეც დღეს არის საუბარი - უნივერსიტეტების გაერთიანებაზე - ჯობდა ეფიქრა სწორედ კადრების ტექნიკურად მომზადებაზე, რათა ყოფილიყო ბიზნესისთვის ერთგვარი რესურსი და ზუსტად „ოქროს შუალედი“ აქ იქნებოდა ნაპოვნი. რაც უფრო მეტი შენი მოქალაქე დასაქმდება მცირე ბიზნესში და რაც უფრო მეტი მოქალაქე არ გავა შენი ქვეყნიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ, რა თქმა უნდა ეს შენს სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება,”-ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

2

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები