განათლების სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობის თანადაფინანსებას მოახდენს. ამის შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორმა გია ბარკალაიამ განაცხადა.
საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა იყო 23 იანვარს გამართული რექტორთა საბჭოსა და განათლების მინისტრის შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი, თუმცა უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დამატებით დეტალებზე საუბარი არ იყო. სამინისტროშიც BM.GE-ის მიმართვის პასუხად მხოლოდ პრესრელიზით გავრცელებული ინფორმაციით შემოიფარგლნენ.
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი გიორგი ბარკალაია კი მიესალმება სახელმწიფოს ინიციატივას და თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის სასურველი საგანმანათლებლო მიმართულების პოპულარიზაციის ზრდაში სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„რექტორთა საბჭოს მინისტრთან შეხვედრაზე, სახელმწიფოს მიერ დაყენებული ერთ-ერთი ინიციატივა სხვადასხვა ბაზრებზე საგანმანათლებლო გამოფენებზე ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობის მიღებას შეეხებოდა. მაისის ბოლოს ამერიკაში იმართება გამოფენა, სადაც უნივერსიტეტები მონაწილეობას მიიღებენ.
ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტები გარკვეული რაოდენობის ბაზრებზე არიან შესულები, თუმცა უფრო მეტი ქვეყნებია, სადაც შესვლა შეგვიძლია. ერთ-ერთი აუთვისებელი ბაზარია ჩვენთვის ამერიკა, ევროპის რამდენიმე ქვეყანა... შესაბამისად, მაისში აშშ-ში და სექტემბერში კი საფრანგეთში იგეგმება გამოფენა, რომლებშიც მივიღებთ მონაწილეობას, იმისთვის რომ საქართველოში სწავლება უფრო მეტად პოპულარული გახდეს და ჩვენი სისტემები და განათლება გავაცნოთ, რომ უფრო მეტი სტუდენტი ჩამოვიდეს. ეს მხოლოდ ქართული უნივერსიტეტებისთვის კი არა, ქვეყნისთვის ეკონომიკისა და მომავლისთვისაა კარგი“, - განმარტა გია ბარკალაიამ.
რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტების მხარდაჭერის აღნიშნული ინიციატივა სამინისტროს ეკუთვნოდა და გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების დიდ წილსაც სახელმწიფო გაიღებს, თუმცა კონკრეტულად რამდენს ვერ ასახელებს.
„ეს განათლების სამინისტროს ინიციატივაა. განათლების სამინისტრომ მოიძია ის გამოფენა, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მისაღებია. პირობებს რაც შეეხება, განათლების სამინისტრო გვთავაზობს საგამოფენო სივრცეების დაქირავებას და ხარჯების ლომის წილს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო სტუდენტი ჩამოვიდეს“, - ამბობს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი.
#რედაქტ2-ის კითხვაზე - სხვა ბიზნესების მსგავსად, რომელთა გამოფენებზე მონაწილეობასაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამებით ახორციელებს, იქნება თუ არა საგანმანათლებლო ბიზნესის ხელშეწყობა სახელმწიფო სახსრებით სწორი და აქვთ თუ არა თავად უნივერსიტეტებს გამოფენებში მონაწილეობის ინდივიდუალური რესურსი, გია ბარკალაია პასუხობს, რომ შეიძლება სასწავლებლებს ჰქონდეთ ამის რესურსი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო გამოფენებზე ქართული უმაღლესი განათლების წარდგენას უფრო მეტი ღირებულება და შესაბამისად ეფექტი ექნება.
„არ მგონია რომ ეს ცუდია, როდესაც სახელმწიფო ერთვება და ქვეყნის ეკონომიკას განვითარებაში ეხმარება. ჩვენ თუ ვიძახით, რომ Invest in Georgia კარგია, რადგან ეს ქვეყანაში მეტი ინვესტიციების შემოსვლას უწყობს ხელს და საკმაოდ ხშირად პატარა კომპანიებს არ შეუძლიათ წავიდნენ და მოიზიდონ ინვესტორები, ასევეა განათლება, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაყიდი პროდუქტი გახდა. ვფიქრობ, განათლებას მთავრობამ რომ ხელი შეუწყოს და როგორც Invest In Georgia არის, ასევე სახელმწიფოს ჰქონდეს „ისწავლე საქართველოში“ ინიციატივა, რათა უფრო მეტი სტუდენტი ჩამოვიდეს ქვეყანაში და ცოდნა მიიღოს - ეს კარგია. რა თქმა უნდა, ყველა უნივერსიტეტს შეუძლია ცალ-ცალკე წავიდეს და მონაწილეობა მიიღოს, თუმცა როდესაც საერთაშორისო გამოფენებზე ქვეყანა ამბობს, რომ ჩვენთან საუკეთესო განათლებაა, ხარისხობრივად და ნდობის ფაქტორი ბევრად მაღალია იმაზე, ვიდრე ჩვენ რომ ცალ-ცალკე ვიძახოთ, რომ მაგრები ვართ“, - განმარტავს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი.