ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მომავლის დაცვის მიზნით უნივერსიტეტებს ერთობისკენ მოუწოდებს.
უნივერსიტეტის განათლების სკოლის მიმართვაში ნათქვამია, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება და მოუწოდებს სხვა უმაღლეს დაწესებულებებს იბრძოლონ საქართველოს მომავლისთვის.
"როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით.
განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის.
განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით. მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია. ერთობისკენ მოვუწოდებთ უნივერსიტეტებს, რომ დავიცვათ საქართველოს აკადემიური საზოგადოების ღირსება და ქვეყნის მომავალი", - წერია განცხადებაში.




























