მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნცია ოქროს ფასმა ბირჟაზე $5 000-ს გადააჭარბა

ოქრო

ერთი უნცია ოქროს ფასი ბირჟებზე 5,000 დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი ძვირფას მეტალს კაცობრიობის ისტორიაში არასდროს დაუფიქსირებია. ბოლო ორი დღის განმავლობაში. ის 4,985-დოლარიან ნიშნულზე იყო გაჩერებული, თუმცა სიმბოლური ნიშნულის გადაკვეთის შემდეგ მისი ფასი 100 დოლარით გაიზარდა და ამჟამად 5,085 დოლარად ივაჭრება.

ძვირფასი მეტალის ფასის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული იმ გეოპოლიტიკურ რისკებთან, რაც ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის სიახლოვეს საზღვაო ფლოტილიის, მათ შორის, ავიამზიდ “აბრაამ ლინკოლნის”განლაგებამ განაპირობა. ინვესტორები მეტ თანხას იმ ვალუტაში აბანდებენ, რომელიც გაცილებით უსაფრთხოდ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასის მკვეთრი ზრდის განმაპირობებელი კიდევ ერთი მიზეზი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ოქროს აქტიურად შეძენაა. ამ კუთხით, კვლავ ჩინეთი ლიდერობს, თუმცა გაცილებით მცირე ზომის სახელმწიფოებიც აქტიურად მიმართავენ ამ გზას, რათა გაუფასურების შემთხვევაში ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება შეძლონ. ოქროს ფასის ზრდას ხელი ძვირფასი მეტალით უზრუნველყოფილ გაცვლით სავაჭრო ფონდებში, ETF-ებში ინვესტირების მოცულობის მკვეთრმა ზრდამაც განაპირობა.

ცნობისთვის, გასულ წელს ოქროს ფასი წლიურ ჭრილში 67%-ით გაიზარდა, ხოლო წელს, მხოლოდ 3 კვირაში უნცია მეტალის ღირებულება უკვე 17%-ითაა გაზრდილი. ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ცვალებადი საგარეო პოლიტიკა და აქტიური ჩართულობა გეოპოლიტიკურ მოვლენებში, ასევე პრეზიდენტ ტრამპის უხეში ჩარევა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაში ინვესტორებში ამერიკული დოლარის მიმართ ნდობას ამცირებს და მათ გაცილებით უსაფრთხო აქტივის - ოქროს შეძენისკენ უბიძგებს. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები წლის ბოლომდე ოქროს ფასის $5,500-იან ნიშნულამდე გაზრდასაც ვარაუდობენ, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში უნცია მეტალის ფასი მუდმივად აჭარბებს წამყვანი ბანკების ექსპერტების პროგნოზებს.

ბოლო დღეების განმავლობაში ძვირფასი მეტალების ბირჟაზე მხოლოდ ოქრო არ გაძვირებულა. ვერცხლის ფასმა კიდევ ერთხელ დაამყარა რეკორდი და 108.60 დოლარამდე გაიზარდა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ოქროს ფასის ზრდასთან, რადგან ის ინვესტორებისთვის მეორე უსაფრთხო ძვირფას მეტალად მიიჩნევა. ზრდის დადებითი მაჩვენებელი აქვთ პლატინასაც, რომლის ღირებულებაც ბოლო 1 კვირაში 20%-ით გაიზარდა და ამჟამად 2,857 დოლარად ივაჭრება. რაც შეეხება პალადიუმ, მისი ფასი ბოლო 1 თვეში 24%-ითაა გაზრდილი და ახლა 2,100 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები