2026 წელი გლობალური საფონდო ბაზრებისთვის საკმაოდ ამბიციური მოლოდინებით დაიწყო. უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები აქტიურად განიხილავენ Deutsche Bank-ის სტრატეგის, ბანკიმ ჩადას პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე S&P 500-ის ინდექსმა შესაძლოა ისტორიულ, 8000-იან ნიშნულს მიაღწიოს. ეს პროგნოზი ამჟამინდელ დონესთან შედარებით დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს.
ჩადას არგუმენტაცია ემყარება ამერიკული ეკონომიკის მდგრადობას: მიუხედავად აპრილში ტარიფების მატებით გამოწვეული რყევებისა, რეცესიის ნიშნები არ ჩანს, ხოლო საფონდო ბაზრის დაცემა, როგორც წესი, სწორედ ეკონომიკურ რეცესიას უკავშირდება. უფრო მეტიც, შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია ბაზრის „გაფართოების“ კუთხით, თუ გასული ორი წლის განმავლობაში მოგების ზრდა ძირითადად ტექნოლოგიურ გიგანტებზე მოდიოდა, ბოლო კვარტალში ეს წილი შემცირდა, არა ტექნოლოგიური სექტორის სისუსტის, არამედ სხვა ინდუსტრიების გააქტიურების ხარჯზე, რაც ეკონომიკის ჯანსაღ ზრდაზე მიუთითებს.
მაკროეკონომიკური ოპტიმიზმის პარალელურად, ტექნოლოგიურ სექტოში კვლავ დომინირებს ხელოვნური ინტელექტის თემა. Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა დაადასტურა, რომ მათი უახლესი თაობის ჩიპები - Vera Rubin - უკვე სრულმასშტაბიან წარმოებაშია. ახალი არქიტექტურა, რომელიც სიმძლავრით წინამორბედ Blackwell-ს ორჯერ აღემატება, გამოირჩევა ენერგოეფექტურობითა და გაგრილების ინოვაციური სისტემით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მონაცემთა ცენტრებისთვის. Nvidia-ს ეს განაცხადი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ლიდერობას AI-ინფრასტრუქტურის ბაზარზე, თუმცა ჰუანგის მთავარი გზავნილი ამჯერად „ფიზიკურ ხელოვნურ ინტელექტსა“ და ავტონომიურ სისტემებს უკავშირდებოდა.
გეოპოლიტიკური დაძაბულობა კი სრულიად განსხვავებულ დინამიკას ქმნის ენერგეტიკულ სექტოში. ვენესუელაში აშშ-ის ჩარევამ და პოლიტიკურმა ცვლილებებმა ბირთვული ენერგეტიკის კომპანიების აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ინვესტორები შიშობენ, რომ ვენესუელას კრიზისმა შესაძლოა შეაფერხოს აშშ-ჩინეთის შეთანხმებები იშვიათი ლითონებისა და ურანის მოწოდებაზე, რაც ალტერნატიული და შიდა რესურსების მნიშვნელობას ზრდის. ამ ფონზე, მცირე მოდულური რეაქტორების მწარმოებლებისა და ურანის მომპოვებელი კომპანიების აქციები გაძვირდა. ბაზრის რეაქციას ხელი შეუწყო აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებამაც, გამოყოს 2.7 მილიარდი დოლარი შიდა გამდიდრებული ურანის წარმოების სტიმულირებისთვის.
საინტერესო პარადოქსი დაფიქსირდა საავიაციო სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური რისკების გამო ნავთობის ფასები გაიზარდა, ავიაკომპანიების (Delta, American Airlines) აქციებმა მაინც აღმავალი ტრენდი აჩვენეს. ბაზრის მოთამაშეები, როგორც ჩანს, საშუალოვადიან პერსპექტივაში ვენესუელის ნავთობის მარაგების ათვისებასა და მიწოდების ზრდას ვარაუდობენ, რაც მომავალში საწვავის ფასების დასტაბილურების იმედს იძლევა. ავიაკომპანიებმა ასევე წარმატებით გაართვეს თავი კარიბის ზღვის აუზში დროებით შექმნილ საჰაერო შეზღუდვებს, რაც ინვესტორებისთვის დამატებითი პოზიტიური სიგნალი აღმოჩნდა.
ყურადღებას იქცევს კორპორაციული სექტორის ინდივიდუალური ისტორიებიც. Bank of America-მ რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება Duolingo-ს მიმართ და კომპანიის აქციებს „ყიდვის“ რეკომენდაცია მიანიჭა. ანალიტიკოსების შეფასებით, Duolingo უკვე გასცდა მხოლოდ საგანმანათლებლო პლატფორმის ჩარჩოებს და თავისი „გეიმიფიკაციის“ მექანიზმებით უფრო მეტად გასართობ ინდუსტრიას, კერძოდ კი მობილური თამაშების სექტორს უახლოვდება. ეს ახალი პოზიციონირება კომპანიას ზრდის უფრო დიდ პოტენციალს უქმნის, ვიდრე ამას ბაზარი აქამდე აფასებდა, რაც აქციების ფასის პერსპექტიულ ზრდაზე მეტყველებს.
მთლიანობაში, 2026 წლის დასაწყისი გლობალურ ბაზრებზე შერეული, თუმცა უმეტესად ოპტიმისტური განწყობით ხასიათდება, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და მაკროეკონომიკური სტაბილურობა გეოპოლიტიკურ რისკებს აბალანსებს.




























