ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უოროენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ ენერგეტიკულ კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია 15 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. საინვესტიციო ჰოლდინგი ამჟამად ენერგოგიგანტის 29%-იან წილს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ენერგეტიკული ბაზრისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიებისგან Berkshire-მა სპეციალური ნებართვა მიიღო, რომელიც საფინანსო ჰოლდინგს Occidental-ის 50%-იანი წილის შეძენის უფლებას აძლევს.
ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, 50%-იანი წილის შეძენის შემდეგ, Berkshire-ი Occidental-ს სრულად გამოისყიდის და მის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს კიდევ ერთი წარმატებული კომპანიით გაამდიდრებს.
ამბის გავრცელების ფონზე, Occidental Petroleum-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $54-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.
საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $880-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მე-9 ადგილს იკავებს.
"ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $134 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მერვე ადგილს იკავებს.