მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის რჩევები ინვესტორებს, მთავრობებს და ბიზნესმენებს

63fdcb50d38ee
გიორგი თოლორდავა
01.03.23 00:05
1593
უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში პლანეტის ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway და მისი ლეგენდარული ხელმძღვანელი უორენ ბაფეტია.

მიმდინარე კვირას Berkshire-მა ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წელს ჰოლდინგმა 30.8 მილიარდი დოლარის საოპერაციო მოგება მიიღო, თუმცა ფისკალური წელი $23-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირებით იყო განპირობებული.

ფინანსური შედეგების გარდა, მსოფლიოს ყურადღება უორენ ბაფეტის ვრცელმა წერილმაც მიიქცია, რომელშიც „ომაჰელ ორაკულად“ წოდებულმა ინვესტორმა არაერთ საკვანძო საკითხზე ისაუბრა და საკუთარი პოზიციაც მკაფიოდ გამოხატა.

ბაფეტის შეფასებით, გასულ წელს საფონდო ბირჟასა და საფინანსო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს რთულია ლოგიკური ან მოსალოდნელი ვუწოდოთ, მისი განცხადებით, ახლა ბირჟა უფრო შიზოფრენიულია, ვიდრე ოდესმე, რაც პანდემიით, ომით, რეკორდულად შემსუბუქებული და შემდეგ უკვე უსწრაფესად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული.

მისი მთავარი რჩევა ისევ უცვლელად რჩება: ინვესტორებს ნაკლები ფოკუსი უნდა ჰქონდეთ მოკლევადიან ფასების ცვლილებაზე და მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ჭეშმარიტად კარგი ბიზნესების აღმოჩენას, რომელიც სარგებელს არა ერთ წელში, არამედ ხუთ ან ათ წელში მოიტანს.

გარდა ამისა, 92 წლის ინვესტორმა თავისი კარიერაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მუდმივად წარმატების მიღწევა არათუ რთული, არამედ შეუძლებელია, უფრო მეტიც, ის რეალურ და დიდ წარმატებას ხუთ წელში მხოლოდ ერთხელ აღწევდა ხოლმე, თუმცა ეს მაინც საკმარისი აღმოჩნდა Berkshire-ის პლანეტის ყველაზე მსხვილ საინვესტიციო ჰოლდინგად გადასაქცევად.

ომაჰელი ორაკული თავის წერილში კიდევ ერთხელ შეეხო სწრაფი გამდიდრების არარეალისტურ სტრატეგიებს და აღნიშნა, რომ რეალური წარმატების მიღწევას თავდაუზოგავი შრომა და დიდი დრო სჭირდება. მოგეხსენებათ, ბაფეტმა პირველი მილიარდი არა თინეიჯერობის, არამედ 56 წლის ასაკში იშოვა.

Berkshire-ის თავმჯდომარე მსხვილი კომპანიების მიერ აქციების უკან გამოსყიდვის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, ეს პრაქტიკა ლოგიკური, მორალური და ეკონომიკურად გამართლებულია, მისი გაკრიტიკება კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს საკმარისი ცოდნა და განათლება არ აქვს. ამ რეპლიკით ბაფეტმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა, რომელიც აქციების უკან გამოსყიდვის პრაქტიკის ხმამაღალი კრიტიკოსია. ზოგადად, საფონდო ბირჟიდან აქციების უკან გამოსყიდვის სტრატეგიას კომპანიები მაშინ მიმართავენ, როცა მათ მაღალი მოგება და თავისუფალი ფინანსური რესურსები აქვთ, ამ ქმედებით კომპანიის ინვესტორები უფრო მაღალ დივიდენდს, ანუ ფინანსურ სარგებელს იღებენ. ბაიდენის განცხადებით, კომპანიებმა თავიანთი რესურსები არა დივიდენდების გაზრდაზე, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხელფასების გაზრდაზე უნდა დახარჯონ.

თავად Berkshire-მა გასულ წელს საფონდო ბირჟიდან 7.9 მილიარდი დოლარის აქციები გამოისყიდა. ბალანსზე ნაღდი ფულის მოცულობა კი კოლოსალურ 130 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ უორენ ბაფეტის კომპანიას საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე თითქმის 7-ჯერ მეტი თანხა აქვს.

გარდა ამ საკითხისა, ბაფეტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პიროვნული თვისებების, კერძოდ, შრომისმოყვარეობის, დისციპლინისა და საქმეზე ფოკუსირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, იმ 1,000-მდე კომპანიიდან, რომელთანაც შეხება Berkshire-ს ჰქონია, წარმატება მხოლოდ იმათ მიაღწიეს, რომელთაც სწორედ ამ თვისებების მქონე დირექტორები და მენეჯერები ხელმძღვანელობდნენ.

ცნობისთვის, Berkshire-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 671 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მეექვსე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, უორენ ბაფეტი კი - ყველა დროის ყველაზე წარმატებული ინვესტორი, რომლის ქონებასაც ფორბსი 106 მილიარდ დოლარად აფასებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები