ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უოროენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ს ენერგეტიკული კომპანია Occidental Petroleum-ის ქიმიკატების ბიზნესის, OxyChem-ის შესყიდვა სურს.
თუკი ტრანზაქცია დადასტურდება, მაშინ უორენ ბაფეტის კომპანიას Occidental-ისთვის $10 მილიარდის გადახდა მოუწევს, რომლის შემდეგ, ის Oxy Chemical Corporation-ის მფლობელი გახდება.
აღსანიშნავია, რომ Berkshire Hathaway უკვე ფლობს Occidental-ის აქციების 30%-ს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბაფეტისთვის საკმარისი არ არის და მას ქიმიკატების მიმართულებაში ინვესტიციის გაზრდა სურს.
Occidental-ში ინვესტიციის გაზრდის მიზეზს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ამერიკული ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება და ქვეყანაში ნავთობის მოპოვების გაზრდა სურს. უშუალოდ Occidental-ის მფლობელობაში თითქმის 3 მილიარდი ბარელის მოცულობის სანავთობო რეზერვია, რომლის ათვისება კომპანიას ნებისმიერ დროს შეუძლია.
საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $1.1-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით, მე-11 ადგილს იკავებს.




























