წამყვანი ამერიკული გადამზიდი კომპანიის, UPS-ის თვითმფრინავმა, McDonnel Douglas MD-11-მა კენტუკის შტატში ავიაკატასტროფა განიცადა. ხომალდი ლუსვილის მუჰამედ ალის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა და მომენტალურად ეკიპაჟის 3-ვე წევრის სიცოცხლე შეიწირა. ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი ხანძარი მალევე მოედო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ობიექტებსაც, რამაც კიდევ 4 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 11-ს მიაღწია.
წინასწარი ვარაუდით, UPS-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნა ერთ-ერთი ტურბინის დაზიანებამ განაპირობა. ცნობისთვის, UPS-ის თვითმფრინავი ჰავაის კუნძულზე გაფრენისთვის ემზადებოდა. იმ აეროპორტში კი, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანიას ყველაზე მეტი ტრანსპორტიორი ხომალდი აქვს განთავსებული. ამერიკის ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების სააგენტომ და ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ავიაკატასტროფის გამოძიების გადაწყვეტილება მიიღეს. მათ კითხვებს უჩენს ფაქტი, რომ ხომალდმა დაუზიანებელი 2 ტურბინით ფრენის გაგრძელება ვერ მოახერხა.
UPS-ში უკვე განაცხადეს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები დადგინდეს. ამასთან, კომპანიამ მომხმარებლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ უახლოეს ტვირთების მიწოდება გარკვეული პერიოდით შეფერხდება.




























