4-11 მაისს საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა სექტორები, რომელსაც უქმე დღეებში შეზღუდვა არ ეხება, ხოლო ბიზნესს არჩევანის თავისუფლება აქვს და საქმიანობის შეჩერება მათთვის სავალდებულო არ არის.
„ეს არ არის შეზღუდვა, ეს არის უქმე დღე და მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა. ერთადერთი არის ის, რომ დაშვებულია გამონაკლისები მათთვის, ვისაც უქმე დღეები არ ეხება, მაგალითად, ფარმაცევტული სექტორი, მშენებლობები და ა.შ.“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
კითხვაზე, რა უნდა ქნას კერძო სექტორმა და როგორ მიიყვანს თანამშრომლებს სამსახურამდე, ღიბრაძემ უპასუხა, რომ ამაზე საბჭომ იფიქრა, თუმცა მობილობის შემცირება უფრო მნიშვნელოვანია.
„გვიფიქრია ამაზე, თუმცა ამ მომენტისთვის უფრო მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება. შემთხვევების რაოდენობა იზრდება, იზრდება ჰოსპიტალიზაცია და მნიშვნელოვანია სექტორი იყოს ფუნქციონირებადი“, - განაცხადა ღიბრაძემ.
ინფორმაციისთვის, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2-11 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.




























