მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უქმნის თუ არა AI საფრთხეს დეველოპერებს? - თორნიკე სულაბერიძის მოსაზრება

თორნიკე სულაბერიძე

ChatGPT-ისა და Bard-ის მსგავსი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის შემდეგ, ტექნოლოგიურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ამ ტექნოლოგიამ საფრთხის წინაშე ის ადამიანები დააყენოს, რომელთაც ეს ტექნოლოგია შექმნეს, ანუ დეველოპერები. ამ მოსაზრებას ზურგს ის ფაქტი უმყარებს, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს გამართული კომპიუტერული კოდის დაწერა მრავალი კომპიუტერული ენის გამოყენებით შეიძლება, რაც დეველოპერებს საქმეს უმარტივებს. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად კი, ხელოვნური ინტელექტის ეს უნარი უფრო და უფრო დაიხვეწება.

ხელოვნური ინტელექტისა და დეველოპერების ბაზრის ურთიერთქმედებაზე BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემა TECH INFORM-ში საქართველოში ბაზირებული ამერიკული IT-კომპანიის, Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე სულაბერიძემ ისაუბრა. TECH INFORM-ის წამყვანის კითხვაზე, უქმნის თუ არა ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს დეველოპერებს, თორნიკე სულაბერიძე აღნიშნავს, რომ დღეს, კომპიუტერისა და ადამიანის მიერ დაწერილი კოდების ერთმანეთისგან გარჩევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა თორნიკე სულაბერიძე ოპტიმიზმს იმ შემთხვევაშიც ინარჩუნებს, როცა ეს ტექნოლოგია დაიხვეწება, რადგან მისი შეფასებით, ერთ სფეროში სამუშაო ადგილების შემცირების ფონზე, ისინი მეორე სფეროში გაიზრდება.

“ხელოვნურ ინტელექტს, რასაკვირველია, გავლენა ექნება, როგორც ჩვენს, ასევე სხვა სფეროებზე. თუმც ამ ეტაპზე, ხელოვნურ ინტელექტს არ გამოსდის კოდის ისე წერა, რომ ეს შეუმჩნეველი იყოს. რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როცა ადამიანს უზარმაცია და ხელოვნური ინტელექტი გამოუყენებია, რაც თვალსაჩინოა. ამასთან, ეს კლიენტისთვისაც მიუღებელია, რადგან ასეთი კოდი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებსაც ადამიანის მიერ დაწერილი კოდი აკმაყოფილებს.

ეს, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე, გარდაუვალი იქნება, ხელოვნური ინტელექტი შეისწავლის კოდის წერას და იდეალურს თუ არა, იდეალურთან მიახლოებულ კოდს დაწერს. თუმცა ამ დროსაც კი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მანქანური დასწავლისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ადამიანები, ანუ თუ ერთ სფეროში სამუშაო ადგილები შემცირდება, მეორეში - გაიზრდება. ბევრი პროფესიონალი დეველოპერი უკვე ამ მიმართულებით გადადის, რის გამოც ის ადამიანები, რომლებიც დღეს კარგი და პროფესიონალი დეველოპერები არიან, ამ მიმართულებით სამსახურს ხვალაც იპოვიან”, - განაცხადა Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები