მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ურეკი უპატრონო კურორტია...საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა საჭირო – „კოლხიდას“ მფლობელი

60db379c1a44b
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.21 10:31
2495
"ურეკი ხელისუფლების მხრიდან მიტოვებული და წიხლჩაზელილი კურორტია", - ასე ფიქრობს ურეკში მოქმედი სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე. სასტუმროს მეპატრონემ bm.ge-ისთან საუბრისას კურორტ ურეკის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მაგნიტური ქვიშის სარგებლიანობაზე გაამახვილა ყურადღება  და აღნიშნა, რომ ურეკი შავიზღვისპირეთში ისეთი კურორტია, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მუშაობის პოტენციალი აქვს.

„რასაც ვუყურებ, ურეკი ყველაზე მიტოვებული და ხელისუფლების მხრიდან წიხლჩაზელილი კურორტია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ წყალმომარაგება, გაზმომარაგება და კანალიზაცია მხოლოდ გასულ წელს გაიმართა. მეორე იმიტომ, რომ ურეკის მაგნიტური ქვიშის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზების მიზნით ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ამისთვის ქვიშის თვისებების შესწავლა და საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა საჭირო. ის კვლევები, რაც კომუნისტების დროს ჩატარდა, დღეს საერთაშორისო აღიარების მოპოვებისთვის საკმარისი აღარ არის“, - აცხადებს ლაგაზიძე.

მისი ინფორმაციით, 2008 წელს ურეკის მსხვილმა სასტუმროებმა კურორტის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო დონორებს მიმართეს, რის შემდეგაც ჩეხი მკვლევარები თავისი აპარატურით უნდა ჩამოსულიყვნენ და კვლევები ჩაეტარებინათ, თუმცა დაფინანსებული პროექტი აგვისტოს ომის გამო შეფერხდა. ამის შემდეგ სასტუმროებმა იმდროინდელ ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც მიმართეს.

„გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობის დროს კიდევ ერთხელ მივმართეთ ამ მოთხოვნით, პირობა მივიღეთ, თუმცა პროცესი გაჩერდა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხით არ დაინტერესებულა. ტურიზმის ადმინისტრაციას ერთი არგუმენტი აქვს, რომ ურეკს არასწორი განაშენიანება აქვს, რის გამოც საერთაშორისო მასშტაბის კურორტის მოწყობა აქ ვერ მოხერხდება, თუმცა ესეც ხომ სხვადასხვა დროს ხელისუფლებების მიერ არასწორი პოლიტიკის ბრალია. ურეკი თითქოს ვიღაცეების შურისძიების ობიექტად იქცა. ამ თვალსაზრისით ურეკი ყველაზე რესურსული და უპატრონო კურორტია. სახელმწიფომ ეს რესურსი ეკონომიკის აღდგენისთვის როგორ არ უნდა გამოიყენოს“, - აცხადებს სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კურორტზე ბულვარის ნაწილი გაკეთდა და ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო, თუმცა პროცესები ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„მთავარი ურეკისთვის ქვიშის სასარგებლო თვისებების მოკვლევა და საერთაშორისო აღიარებაა. ეს თუ გაკეთდა კურორტზე მოქმედ ბიზნესსუბიექტებს სახელმწიფოს დახამრება აღარ დაგვჭირდება, გაზრდილი გადასახადებით იქით დავეხმარებით“, - უთხრა BM.GE-ის ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის: ხათუნა ლაგაზიძე განახლებულ სასტუმრო „კოლხიდასა“ და სასტუმროსთან არსებულ სანატორიუმს 2007 წლიდან მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები