ასოცირებული პროფესორი აკაკი ცომაია განათლების ექსპერტებს სთავაზობს, მომზადდეს ტექსტი განათლების "დეფორმის სავალალო შედეგებზე", რომელსაც თავადაც მოაწერს ხელს.
აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიასაც ეხმაურება, რომელმაც საზოგადოებას წაკითხულის გააზრების ხარისხი დაუწუნა.
"განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგვაქვს.
ბატონო ზვიად, იქნებ თქვენ გიჭირთ აზრის სწორი ფორმით ჩამოყალიბება?
განათლების მინისტრის მოადგილე გუშინ: "დღეს არსებული მოდელის მიხედვით, სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს... ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება".
განათლების მინისტრის მოადგილე დღეს: "თბილისში არსებულ 5 სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე პროგრამების გადუალება ვერ მოხდება და რა თქმა უნდა, სტუდენტი ვეღარ აირჩევს ავტომატურად, რადგან ეს იქნება ერთ პროგრამად ქცეული. ერთ პროგრამად ქცეული 4-ჯერ ხომ არ შეიძლება ჩაიწეროს? ამ ნაწილში შემოხაზავს მხოლოდ ერთ ეკონომიკის ფაკულტეტს, შეიძლება შემოხაზოს კერძო უნივერსიტეტებიდან სხვა ეკონომიკის ფაკულტეტები, ან სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული სხვა მიმართულება. კონცეფცია ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი გულისხმობს, რომ არ უნდა მოხდეს გადუალება".
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მათ 4-გვერდიან დეფორმას 1000-ობით პროფესორიდან მხოლოდ 10-100 აკრიტიკებს. ურიგო არ იქნება, თუ განათლების ექსპერტები შეადგენენ ტექსტს დეფორმის სავალალო შედეგებზე, რომელსაც 100-ზე მეტი აკაცუკი პროფესორი (2 წიგნი რომ არ გვაქვს წაკითხული, მინისტრის მოადგილის ვარაუდით), ხელს მოვაწერთ", - წერს ცომაია.




























