მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი მიზეზი დამისახელეთ, რატომ უნდა გააგრძელოს IMF-მა პროგრამა? - აკაკი ცომაია

წერტილი

ეროვნული ბანკი და მთავრობა ადასტურებენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა შეჩერებულია, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე მიმოხილვა გაგრძელდება.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანა.

„პირველ რიგში ეროვნულმა ბანკმა და ნათია თურნავამ გაავრცელეს არასწორი განცხადება, როცა მთელი საზოგადოება მოგვატყუა და თქვეს, რომ პროგრამა შეჩერებული კი არ არის, არამედ მოლაპარაკებები მიდის და მსვლელობა აქვს პროცესს. მერე აღმოჩნდა, რომ მიმოხილვა შეჩერებულია. ქალბატონმა თურნავამ ბოლო გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად დააზიანა ეროვნული ბანკის რეპუტაცია და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი შელახა, მაგრამ როცა სებ-ის პრეზიდენტი იტყუება, ეს ძალიან ცუდი ტონია. არასწორია ასეთი განცხადებების გაკეთება. ჯერ სხვა რამეს ამბობს და მერე სხვა რამეს ადასტურებს“, - განაცხადა ცომაიამ.

თავისთავად პროგრამის შეჩერების შეფასებისას კი ეკონომისტი აცხადებს, რომ პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ნიშნავს ურთიერთობების გართულებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

„ეს არ არის მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, შეიძლება საერთოდ სავალუტო ფონდისგან დიდ დახმარებას მონეტარული სტაბილურობისთვის არ ველოდებით და ეს მაინცდამაინც დიდ დადებით შედეგს არ გამოიწვევს, მაგრამ ფაქტი, რომ სავალუტო ფონდი აჩერებს პროგრამას საქართველოში მიანიშნებს, რომ ქვეყანას განვითარების პრობლემა აქვს, საფრთხეებია, რისკებია და ეს არის სიგნალი საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის. ეს ნიშნავს ქვეყნის უფრო მაღალრისკიან კატეგორიაში ქვეყნის გადასვლას. რეალურად, ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად არის მოპოვებული. ყოველდღიურად შრომობდნენ იქ ადამიანები, რომ საერთაშორისო რეიტინგები გაზრდილიყო. სავალუტო ფონდისგან მოდიოდა დადებითი შეფასებები და ბევრჯერ აღინიშნა, რომ საფინანსო სისტემა სანიმუშო ქცევით გამოირჩეოდა. ახლა ამ ყველაფერს ხაზი უნდა გადავუსვათ და ასეთი სულელური მოქმედებები ანგრევს ყველაფერ ამას, რაც აქამდე იყო ნაშენები“, - განაცხადა ცომაიამ.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ პროგრამა დიდი ალბათობით შეწყდება. „რატომ უნდა გააგრძელოს IMF-მა პროგრამა? ერთი მიზეზი დამისახელეთ. ეს პერსონალურად ნათია თურნავას პასუხისმგებლობაა. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ზეწოლის ქვეშ მოექცა“, - თქვა  ცომაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები