მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ–ის საგამონაკლისო წესი, როგორც მოქალაქეების დაცვის ილუზია – გია ხუხაშვილის მოსაზრება

ხუხაშვილი

„სებ–ის ბრძანება შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ კარგა ხნის განმავლობაში არ განახლდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა“ – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა დროულად თუ არ განახლდება, შეიძლება, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც თავიანთი გადაწყვეტილებები მიიღონ და ღონისძიებები ჩაატარონ.
„საქმე ეხება ეროვნული ბანკის ბრძანებას, რითაც ხელისუფლებამ – და არა ნათია თურნავამ, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მიღებას არავინ ეკითხებოდა – მთელი ქვეყანა შენელებული მოქმედების ნაღმზე დასვა“ – ასეთია გია ხუხაშვილის პოზიცია.

გასულ კვირას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია და რომ ეს გარემოება უკავშირდება ეროვნული ბანკის საკითხებს, თუმცა არა კონკრეტულად ბოლო ბრძანებას. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პროგრამა შეჩერდა დაახლოებით ივნისში, რადგან მაშინ სსფ–ის დირექტორთა საბჭოზე უნდა გასულიყო და არ გავიდა, რაც შეჩერებას ნიშნავს.

გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ „თუ ხელისუფლება იხელმძღვანელებს იმ წარმოუდგენელი გადაწყვეტილებით, რაც მან მიიღო – ამან შეიძლება მთლიანად ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს“.

რისკები გააანალიზა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემაც – კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას. თუ ჩვენ არ გვექნება პროგრამა, ჩვენ მოგვიწევს მტკიცება სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თაობაზე, სავალუტო ფონდი არის ამისი დამადასტურებელი, რომ როდესაც მასთან გვაქვს პროგრამა და ის აკეთებს ანგარიშს, რომ ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი“. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა არ ელოდება, რომ რომელიმე საფინანსო ინსტიტუტთან რაიმე სახის შეფერხება იქნება იმ დაგეგმილი თანხების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას აქვს არა მხოლოდ 2023 წელს, არამედ 2024 -2027 წლებში, რაც შეთანხმებულია.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "ბიზნესის კვირეულის" ეთერში საუბრისას თქვა, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოვა ფორმულა, რომლითაც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე მუშაობენ, ეს ფორმულა კი კანონში ერთგვარ ცვლილებებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც მენეჯმენტის საკითხი გაუმჯობესდება.

თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ მათთვის სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა საკმაოდ პრიორიტეტული საკითხია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა პროგრამა შეჩერდა, სავალუტო ფონდისგან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოვისმინეთ, ჩვენ ამ პროგრამის აღდგენაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. მათი მთავარი მოსაზრებაა, რომ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში განსაკუთრებით უნდა ჭარბობდნენ არა–აღმასრულებელი წევრები, რაც გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას ზრდის. ამის ჩვენ წინააღმდეგი არც არასდროს ვიყავით. ახლა ამას დაემატა არასწორი აღქმა, რაც გაჩნდა საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ. როცა მათ არგუმენტებს წარვუდგენთ, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული რეკომენდაციები, მაგრამ როცა მოისმენენ ჩვენს პოზიციას, გვექნება შესაძლებლობა, რომ იგივე ნიშნულს დავუბრუნდეთ და შემდეგ უკვე შეიძლება პროგრამის აღდგენაზე ვიფიქროთ", - თქვა ნათია თურნავამ.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „ანალიტიკა“–სთან ამბობს, რომ საფინანსო სისტემაში რყევები თუ გაძლიერდა, მოვლენები დომინოს პრინციპით შეიძლება განვითარდეს.

„როგორც კი საქართველოს მოქალაქის სანქცირების კიდევ ერთი პრეცედენტი შეიქმნება – და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება – ამბობს გია ხუხაშვილი „ანალიტიკა“–სთან – ამის შემდეგ შეიქმნება ეს [საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებსა და სებ–ის ბრძანებას შორის] კოლიზია და ხელისუფლებამ ამის შემდეგ ან უნდა გააუქმოს ეს ბრძანება, ან თუ არ გააუქმა და ეს ვითომ თავისი მოქალაქეების დაცვის ილუზია ძალაში დატოვა, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ [ქვეყანას] შეგვიქმნას დიდი პრობლემა“.

მისივე თქმით, კომერციული ბანკები საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებენ და ეს სწორი იქნება, მაგრამ "თვითონ ამით ხომ სტრუქტურა, იერარქია, საფინანსო წესრიგი ხომ ირღვევა?! ისინი [კომერციული ბანკები] კონფლიქტში შედიან ეროვნულ ბანკთან. ეროვნული ბანკი ამის შემდეგ ვალდებული იქნება სანქციები გამოიყენოს. დიდი რყევები დაიწყება" – ამბობს გია ხუხაშვილი "ანალიტიკა"–სთან.

გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ სებ–ის საგამონაკლისო წესი სინამდვილეში ვერავის იცავს, მაგრამ ხელისუფლებას დღეს საკუთარი მოქალაქეების დაცვის იმიტაცია დასჭირდა იმისთვის, რომ „ხელისუფლის ეს უძლეველობის მითოლოგია არ დაირღვეს და სისტემას არ გაუჩნდეს მასთან კითხვები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები