მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნათია თურნავამ უნდა დაასაბუთოს, რომ სებ-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია“ - ეკონომისტი

64b6a75c4ca80
ინგა მურუსიძე
18.07.23 22:32
624
სტატიაში საუბარია:
ეკონომისტი, აკაკი ცომაია ნათია თურნავას, როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დამოუკიდებლობის ხარისხს აფასებს. მისი თქმით, თურნავას მოუწევს დაასაბუთოს, რომ სებ-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია. საკითხზე მან გადაცემა „წერტილის“ კითხვებს უპასუხა:

- ნათია თურნავას, როგორც პირველ ვიცე-პრეზიდენტს და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, რა როლი და მისია აქვს ამ ვითარებაში? რომ ჩიხში არ შევიდეს პროცესები? ჩიხში აუცილებლად შევა, თუ სალომე ზურაბიშვილს და მმართველ ძალას შორის ეს დაძაბული ვითარება გაგრძელდა. დეკემბრის ბოლოს ორ წევრს უფლებამოსილება გასდის. სალომე ზურაბიშვილს მოუწევს, ან შეათანხმოს და ისეთი კანდიდატურა წარადგინოს პარლამენტში კანდიდატები, ან პროცესები ისევ ჩიხში შევა. შეიძლება თუ არა ეს ნათია თურნავას, როგორც მოვალეობის შემსრულებლის დამოუკიდებლობის ტესტი იყოს? როცა ის გახდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მან თავის კონკურენტულ უპირატესობად დაასახელა მთავრობასთან კომუნიკაცია და შეიძლება ახლა მმართველი გუნდის დარწმუნებას ეცადოს, რომ არ ჩაუგდონ სალომე ზურაბიშვილს წარდგენილი კანდიდატები?

- ალბათ საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა და მათ შორის საერთაშორისო მისიებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კარგად იციან, ქალბატონი ნათია თურნავას ბიოგრაფიიდან, შეიძლება თუ არა, ის იყოს დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი.

- შეუძლებელია ეს?

- მოლოდინი ამისი ნაკლებად არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კანონმდებლობა უნდა იყოს იმდენად დახვეწილი ამ მხრივ, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს. სამართლებრივ დონეზე ეს უნდა იყოს კარგად მოწესრიგებული.

- ამ მხრივ ცვლილებებს საჭიროებს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონი?

- ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ასევე, უნდა მოხდეს ნდობის დაბრუნება, რაც ასე მარტივი არ არის. პარლამენტის მიმართ ნდობა არის ნულოვანი, რადგან პარლამენტმა გააკეთა ის, რაც გააკეთა ნათია თურნავას მიმართ. მან ვერ გაიყვანა ლაშა ხუციშვილი, რაც იყო აშკარა, ღია პროცესი, რომელსაც ღიად ვუყურებდით ყველა, ვერ გაიყვანეს კანდიდატურა და მთელი ფოკუსი გადაიტანეს ნათია თურნავაზე. ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს განეხორციელებინათ. ეს ელემენტარულად, ნდობის საკითხია, რომელიც უკვე დაკარგულია და მის აღდგენას სჭირდება სხვა ტიპის ადამიანები, სხვა ტიპის გარემო.

- რისი გაკეთება შეუძლია ნათია თურნავას? რა იქნება მისთვის ამ ვითარებაში თუნდაც დამოუკიდებლობის ტესტი? რომ დაამტკიცოს, რომ თუნდაც იაზრებს იმას, რა ინსტიტუტის ხელმძღვანელია ფაქტობრივად?

- ნდობის აღდგენას სჭირდება შეცდომების აღიარება. ამ პროცესს იწყებენ იმით, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, რაღაცა არასწორად მოიმოქმედეს, რაღაცა შეეშალათ - აქედან უნდა დაიწყოს ნდობის აღდგენა პირველ რიგში. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ხელისუფლებას ამის უნარი შესწევს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება მომავალში ქვეყნის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ცხადია, რომ სებ-ის პრეზიდენტს აქ დიდი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ნათია თურნავამ - არ ვიცი. პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ რეპუტაცია უნდა აღიდგინოს. მან უნდა დაასაბუთოს რამენაირად, რაიმე გზით, რომ ეროვნული ბანკი ნამდვილად არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. იმდენად ღია პროცესში დააყენეს მათ ეს პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ცხადია, გაჭირდება ეს. თუმცა თეორიულად, ყველაფერი შესაძლებელია. თეორიულად, ქალბატონ ნათია თურნავას აქვს შანსი, იმისათვის, რომ დაარწმუნოს პარტნიორები, რომ სინამდვილეში საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები