ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი წარადგინა. მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა სანქციების ჯერჯერობით ბოლო პაკეტს, ომის წლისთავისთვის დაუჭირონ მხარი.
ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი სხვადასხვა სექტორში ვაჭრობის შეზღუდვას, ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს, მათ შორის დრონების, ვერტმფრენებისა და რაკეტების ექსპორტს ითვალისწინებს. ჯამში სავაჭრო შეზღუდვა დაახლოებით 11 მილიარდი ევროს მოცულობის საქონელს შეეხება.
ამას გარდა, ბანკები ვალდებულნი იქნებიან ინფორმაცია მიაწოდონ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების შესახებ. როგორც Bloomberg წერს, ბანკებიდან ევროკავშირი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია რუსეთის ცენტრალური ბანკის ან სხვა სანქცირებული ბანკების აქტივების შესახებ. ამით ევროკავშირი პირველ ნაბიჯებს დგამს რუსეთის დასავლეთში არსებული აქტივების აღრიცხვის მიმართულებით, რისი უკრაინისთვის გადაცემაზეც დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა.
ამას გარდა, პირველად ევროკავშირის სანქციები მესამე ქვეყანაზე, ირანზეც გავრცელდება. კერძოდ, დასანქცირდება შვიდი ირანული კომპანია, რომლებიც რუსეთთან ომის დროს თანამშრომლობენ, რაც რუსეთისთვის დრონების გადაცემაში გამოიხატება, რომლებსაც თავის მხრივ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებს.
ევროკავშირმა სანქციების ბოლო მე-9 პაკეტი ეხება რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ასევე სამხედრო პირებსა და სამხედრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს. ამას გარდა, გაიზარდა ევროკავშირის მიერ სანქცირებული დუმის დეპუტატების, მინისტრებისა და სხვა პოლიტიკური პირების რაოდენობა.




























