ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს GWP-ის მფლობელ კომპანია Aqualia-სთან აქვს ურთიერთობა იმისთვის, რომ მათი საინვესტიციო საქმიანობა ადეკვატური იყოს.
ჟურნალისტებმა დავითაშვილს წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საკითხში მესამე პირების პასუხისმგებლობაზე ჰკითხეს, რაზეც მან აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკის სამინისტროს მანდატი არაა.
„კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა იმისთვის, რომ ადეკვატური იყოს მათი საინვესტიციო საქმიანობა და მომავალში არ დადგეს მსგავსი გამოწვევების წინაშე მოსახლეობა, გვქონდეს ხარისხიანი წყალმომარაგება და ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ამ კუთხით სრული ურთიერთგაგება არსებობს, იმისთვის, რომ კომპანიამ სწრაფად, ადეკვატურად შეასრულოს ისეთი სამუშაოები, რომ მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგება ჰქონდეს“, - თქვა ვიცე-პრემიერმა.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. 16 ივნისის შემდეგ თავდაპირველად 110 ათას, ხოლო ამჟამად 63 000 აბონენტს წყალმომარაგება გრაფიკით მიეწოდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც bm.ge-ის უწყებაში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით: სსკ-ის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე).