მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ურთულესი წელი იყო. სერიოზულ პრობლემებში ვართ...“ – "გიორგი უშიკიშვილი შატო-მარანი"

გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი

კახეთში, ახმეტაში მდებარე „გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ 2025 წელი მათთვის ურთულესი იყო და სასტუმროს ოპერირების მხრივ პრობლემები აქვს.

საქმე ის არის, რომ განთავსების ობიექტი, პირველად 2024 წლის ბოლოს დაიხურა და საქმიანობა მხოლოდ 2025 წლის მაისში დაბალი დატვირთვით განაახლა. არც ისე სახარბიელო ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონის შემდეგ კი გიორგი უშიკიშვილმა შატო-მარანი კვლავ დროებით, გაზაფხულზე გახსნის იმედით დახურა. განთავსების ობიექტი, რომელიც სტუმრებს საკუთარი წარმოების ქართულ ღვინოებს, კახეთის მხარის ავთენტიკურ გარემოს და სამზარეულოს სთავაზობს, მისი დამფუძნებლის ინფორმაციით, 2025 წელს დაბალი დატვირთვით ოპერირებდა, რამაც მათ შემოსავლებზე ცუდად იმოქმედა.

გიორგი უშიკიშვილი BM.GE-სთან ჰყვება, რომ 2025 წელს შემოდგომის მიწურილისთვის, მათი შემოსავლები 2024 წლის შემოსავლების მხოლოდ 40% იყო და აქედან გამომდინარე, დახურვის და კადრების დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ეს შემოსავალიც ძირითადად, ზაფხულის სეზონზე მოდიოდა. წელს შემოდგომა იყო უბრალოდ საშინელება იყო, იმიტომ რომ უამინდობამ და წვიმებმა დიდხანს გასტანა და მერე ტურისტების ნაკადი არ იყო. ამასთან, კახეთში სასტუმროების მიწოდება უფრო დიდია, ვიდრე მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, სასტუმროები აქციების სახით შეთავაზებებს აკეთებენ მაგალითად, 2+1, 1+1 - ეს კი ფასს სწევს დაბლა. მე ასეთი პოლიტიკა მაქვს ფასდაკლებების საიტებზე ვაუჩერების გაყიდვა დიდად არ მინდა. რადგან ჩვენი წლების წინანდელი გამოცდილებით, ვინც ვაუჩერებს ყიდულობს, შემდეგ ისინი სასტუმროში, რეალურად ნაკლებ თანხას ხარჯავენ. ანუ, დიდად მოგებიანი არ არის ეს.

შესაბამისად, [შატო-მარანისთვის] ურთულესი წელი იყო. ანუ, არ ვიცი რამდენი ტურისტი შემოვიდა, მაგრამ ალბათ ისეთი ტურისტები იყვნენ, რომლებიც კახეთს დიდად არ წყალობენ“, - აცხადებს უშიკიშვილი.

განთავსების ობიექტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ შატო-მარანს მაისში გახსნის, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამისთვის მას კადრების მოძიება და გადამზადება დასჭირდება, რადგან აქამდე არსებულ შემადგებლობას - 15 დასაქმებულს ხელფასს ვერ გადაუხდიდა და გაუშვა. გიორგი უშიკიშვილი იმასაც ამბობს, რომ კახეთში მოქმედი სასტუმროების ნაწილი ფინანსური პრობლემების წინაშეა, თუმცა მათ ვისაც ტურიზმის ბიზნესთან ერთად ღვინის წარმოება და ექსპორტი აქვთ, ისინი სასტუმროს ხარჯებს ექსპორტის შემოსავლით აბალანსებენ. გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანის ტიპის სასტუმროებს კი სახელფასო ხარჯების განულებასთან ერთად, ბანკების ვალდებულებების გადავადება მოუწიათ, რისი გადახდაც გახსნის შემდეგ მოუწევთ.

"მაგრამ ვისაც ღვინო არ გვაქვს, ექსპორტზე არ გაგვაქვს და მარტო ჩვენ შიგნით ვყიდით ხო სასტუმროში, ანუ, აი, ასეთ ტიპის სასტუმროებს პრობლემები შეგვექმნა. რომც გაყიდო, სასტუმროს გაყიდვა ძალიან რთულია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მყიდველიც შემოსავლებს უყურებს. აი, სერიოზულ პრობლემებში ვართ.

დღეს, გაჩერებული გვაქვს საბანკო სესხები რა, ფიზიკურად ვერ ვიხდით რაღაც პერიოდამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ბანკი ხომ მოითხოვს ამას. მერე მოგვიწევს, რომ ან გავყიდოთ, ან ბანკმა წაიღოს“, - აცხადებს გიორგი უშიკიშვილი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 8.4%-ით 5.5 მლნ-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 5.9%-იანი ზრდაა.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან ჰყავდა, რაც 1.57 მილიონს შეადგენდა (ზრდა 11%); მეორე ადგილზეა თურქეთი 1.24 მილიონი ვიზიტით (კლება 6.6%), სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა (უცვლელია). რეიტინგში ასევე შედიან ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები