მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID - მა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მონაწილეების დასაქმებას შეუწყო ხელი. პროექტისთვის ახალი ნაკადის შერჩევის პროცესი დაწყებულია

639ab74495280
BM.GE
15.12.22 11:31
1710
პანდემიამ განსაკუთრებით დიდი ზიანი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებს მიაყენა. მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, სასტუმროები, რესტორნები და ამ სექტორში მოქმედი სხვა დაწესებულებები იძულებული გახდნენ თანამშრომლების დიდი ნაწილი სამსახურიდან დაეთხოვათ. კვალიფიციური კადრების სიმცირესთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, საერთაშორისო ბრენდულმა სასტუმროებმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ამ საკითხის მოგვარება, საქართველოს ტურიზმის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით გადაწყვიტეს.



სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ინიციატივის“ მიზანს სასტუმრო ინდუსტრიაში დასაქმების მსურველთა საერთაშორისო სტანდარტებისა შესაბამისად გადამზადება და მათი უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენდა. ინიციატივამ უნიკალური საშუალება მისცა 50 - მდე მონაწილეს, 5-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაევლო ისეთ საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში, როგორიცაა: თბილისი მარიოტი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი და რედისონი და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გზით მიეღოთ პრაქტიკული და საფუძვლიანი ცოდნა. მეორეს მხრივ, ამ ინიციატივამ ჰორეკა ინდუსტრიას შესაძლებლობა მისცა წვდომა ჰქონოდა მაღალკვალიფიციურ კადრზე, რომელმაც სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული ოქროს სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მიიღო საერთაშორისო სასტუმროებში", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ როტაციული წესით სხვადასხვა დეპარტამენტში ემუშავათ და 800-საათიანი პრაქტიკული ტრენინგი გაევლოთ საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე ინსტრუქტორებთან. სტაჟირება მოიცავდა საერთაშორისო სასტუმროების მართვისთვის საჭირო ცოდნის გაზიარებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ადამიანური რესურსების მართვა, გაყიდვები მასპინძლობის სფეროში, სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავების სპეციფიკა, ჰიგიენა და უსაფრთხოების წესები, ჰასპი, სურსათისა და სასმელების დეპარტამენტის ფუნქციები და სხვა.

სალომე ფაღავა პროექტის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა, რომელმაც სტაჟირება და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება სასტუმრო რედისონში გაიარა და კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების შეთავაზებაც მიიღო კვებისა და სასმელების დეპარტამენტში.



„საკმაოდ ბევრ ტრენინგზე ვარ ნამყოფი საქართველოში, თუმცა მსგავსი გამოცდილება, რომელიც გაჯერებულია პრაქტიკული და თეორიული სწავლებით, არსად მიმიღია. მომწონს ის მიდგომა, რომ ვისწავლეთ და მივიღეთ გამოცდილება სასტუმროს მართვის თითოეულ რგოლში, იქნება ეს დასუფთავების, სამზარეულოს თუ მომარაგების სერვისი. ეს სფერო ჩემ ხასიათს ძალიან უხდება და მომავალში სწორედ აქ ვხედავ ჩემს საქმიანობას“, - ამბობს სალომე ფაღავა.

პროექტის კიდევ ერთი მონაწილეა დარეჯან ოზმანოვი, რომელსაც აქამდეც ჰქონდა სტუმარმასპინძლობის სექტორში მუშაობის გამოცდილება, თუმცა ყოველთვის უნდოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მიღება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობის მიღება.




„აღნიშნულმა ინიციატივამ ჩემნაირ ადამიანებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს მოწინავე ბრენდულ სასტუმროებში, როგორიც არის შერატონ გრანდ მეტეხი პალასი საქართველოში. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შერატონის სასტუმრომ საშუალება მისცა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს გაევლოთ ანაზღაურებადი სტაჟირება და მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა მათ სასტუმროში. მე გავიარე ამ სასტუმროს თითოეულ დეპარტამენტში სწავლება და ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემს კარიერაში. მოხარული ვარ, რომ დაუღალავმა შრომამ 5 თვის განმავლობაში შედეგი გამოიღო და დღეს მე შერატონის თანამშრომელი გავხდი,“ - ამბობს დარეჯან ოზმანოვი, პროექტის მონაწილე.




პროექტის პირველი ნაკადი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რისი დასრულების შემდეგაც დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე პროექტის მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ სასტუმროების წარმომადგენლებს და მიეღოთ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ, რაც მათი დასაქმების წინაპირობას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტ სტუმართმასპინძლობის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს მიეცეს საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, უკვე მიმდინარეობს მონაწილეთა ახალი ნაკადის შერჩევა. მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები