Russia Today-ის პროპაგანდისტი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში ჩავიდა. მან სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, USAID-ი აფხაზეთის განვითარებას ხელს შეუშლიან.
"მათგან კარგი არაფერი გამოვა. რა ლოზუნგითაც არ უნდა შემოვიდნენ, სიკეთეს არა, მაგრამ ბევრ ბოროტებას მოგიტანთ. საკუთარი პოლიტიკისა და ღირებულებების თავსმოხვევას ცდილობენ და პარალიზებას უკეთებენ ქვეყანას ამ ერის კულტურული კოდის შეცვლით. საბოლოო ჯამში, დამოუკიდებლობას ართმევენ ქვეყანას. ღმერთმა არ ქნას და ყველაფერი დასრულდება სისხლის ღვრით, როგორც სრულდება ხოლმე მათი ჩარევა", - მიმართა მან სტუდენტებს.
მარგარიტა სიმონიანის თქმით, მსგავსი ორგანიზაციები "ქვეყანაში" არ უნდა არსებობდეს და ამ მხრივ დე ფაქტო მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბრძოლაში "სიბრძნე, გამბედაობა და ძალა" უსურვა.
რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლას იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს აუკრძალავენ, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ. ინალ არძინბას განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ აფხაზეთში რეალიზდება პროექტები, რომლებიც მიმართულია “კრემლის დამღუპველ გავლენასთან საბრძოლველად” და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”.