შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აქამდე არსებული ფორმით არსებობა შეწყვიტა.
“გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში მიიღო, სრულ თანხვედრაშია მის გაცხადებულ პოლიტიკასთან “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, - განაცხადა რუბიომ.
USAID-ს გაუქმება დაკავშირებულია ახალი ადმინისტრაციის მიერ წამოწყებულ რეორგანიზაციასთან, რომელიც ბიუჯეტური ხარჯების შემცირებას ისახავდა მიზნად. ამიერიდან, შეერთებული შტატები, მასშტაბურ საერთაშორისო საგრანტო პროექტებს აღარ განახორციელებს, თუმცა, შეზღუდული ფორმით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინიციატივებში თანხის ჩადებას გააგრძელებს.
საუბრისას რუბიომ არაერთხელ ისაუბრა ამერიკული დახმარების მიზანმიმართულობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ამიერიდან მხოლოდ ის უცხოური პროექტები დაფინანსდება, რომლებსაც ექნებათ დამოუკიდებლად არსებობის გაგრძელების გეგმა. მან აღნიშნა, რომ ძირითადად შტატები ინვესტიციას კერძო სექტორში ჩადებს, პრიორიტეტი კი ის ქვეყნები იქნებიან, სადაც ჩინეთის გავლენა ბოლო წლებში გაიზარდა. ახალი სტრატეგიის თანახმად, დახმარების ფონდს სახელმწიფო დეპარტამენტი უხელმძღვანელებს და თანხებს მკაფიო ეკონომიკური პერსპექტივის მქონე ქვეყნებისკენ მიმართავს. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ რთულ ვითარებაში მყოფი სახელმწიფოები, განსაკუთრებით აფრიკული ქვეყნები შტატებისგან დახმარებას ვეღარ მიიღებენ.
USAID-ს, როგორც წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციის გაუქმებას საკმაოდ კრიტიკულად შეხვდნენ მათი კოლეგა ორგანიზაციები, რომელთა შეფასებითაც, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახურვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში დამატებით 14 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. მიზეზი არსებულ ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავების იმ ჯაჭვის დარღვევაა, რომლის შეკვრასაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ათწლეულები მოანდომეს. კრიტიკოსების შეფასებით, USAID-ის გაუქმება შტატების რეპუტაციაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს და მისი ლიდერობით აქამდე დაწყებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ პროექტებს შეჩერების საფრთხის წინაშე დააყენებს.
ორგანიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც რესპუბლიკელმა, ისე დემოკრატმა ექს-პრეზიდენტებმა. ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ გააკრიტიკეს გადაწყვეტილება და მას “ტრაგიკული შეცდომა” უწოდეს. ანალიტიკოსებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენად მომგებიანი იქნება შტატების მიერ მიზნობრივი ინვესტიციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის რბილი ძალა ამდენი წლის განმავლობაში სწორედ უსასყიდლო მხარდაჭერაზე იდგა.




























