თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების სამი თვით შეჩერება აღმოჩნდა.
აშშ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია. მხოლოდ 2023 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყანაში ასობით პროექტზე 68 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. დახმარებას ბენეფიციარი ქვეყნები ძირითადად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ცნობილი როგორც USAID-ის გავლით იღებდნენ. ამ რეალობაში ტრამპის გადაწყვეტილებას გავლენა ბევრ ქვეყანაზე ექნება, რომელთა შორისაც არის საქართველოც.
დახმარების დროებით შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება”, რომელიც USAID-ს ქვეყანაში რადიკალური ძალების დაფინანსების საბაბით დიდი ხანია აკრიტიკებს, მიესალმა. "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელიც წარსულში USAID-ის თანამშრომელი იყო, იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება USAID-ის პროექტების შეჩერებაზე დროებითი არ იქნება.
“USAID-ის დაფინანსება რეალურ მიზანს არ ხმარდებოდა. ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამათუ იმ ქვეყანაში მათ შორის საქართველოზეა საუბარი რევოლუციების მოწყობას და არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას და ა.შ. მოხარული ვართ, რომ სამი თვით შეჩერდა USAID-ის დაფინანსება. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ასე დარჩეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ USAID-მა აღარასდროს სცადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა. იმედი გვაქვს, რომ სამთვიანი შეჩერების მექანიზმი ბოლომდე ძალაში დარჩება”, - ამბობს კობახიძე.
USAID-ის დაფინანსების მექანიზმით ნებისმიერი პროგრამა ხელისუფლებასთან თანხმდება.- ამბობს რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი თორნიკე თურმანიძე და ამატებს, რომ სააგენტოს მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები “ქართული ოცნების” მთავრობასთან შეთანხმებული იყო.
“ქართული ოცნება” წარმოაჩენს, რომ თითქოს მათ ეს დახმარება არ სჭირდებოდათ და მხოლოდ არასამთავრობო სექტორს ხმარდებოდა. ეს რა თქმა უნდა, დიდი ტყუილია. არასამთავრობო სექტორს ხმარდებოდა ძალიან მცირე ნაწილი. შესაბამისად, თუ ვინმე დაზარალდა უფრო მეტად დაზარალდა სახელმწიფო. შედარებით ნაკლებად, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე დაზარალდა არასამთავრობო სექტორიც”, - აცხადებს თურმანიძე.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელიც კონგრესმა 1961 წელს შექმნა. სააგენტო მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 10 ათას თანამშრომელს ასაქმებს, რომელთა უდიდესი ნაწილიც ახლა ანაზღაურებად შვებულებაშია.
USAID-ს ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი დოლარი გადაეცემა კონგრესისგან, რათა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა პროგრამები დააფინანსოს. ეს პროგრამები სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებას, დემოკრატიის ხელშეწყობასა და სხვა მიმართულებებს მოიცავს. USAID-ს 2023 წელს განსაკარგად 40 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა. ტრამპის ადმინისტრაციაში მიღებული გადაწყვეტილებით სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავა და ის როგორც დამოუკიდებელი ორგანო არსებობას შეწყვეტს. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი USAID-ის მმართველებს რადიკალებს უწოდებს. კიდევ უფრო ხისტი იყო მისი პარტნიორის და ახლო მოკავშირე მილიარდერი ბიზნესმენის ილონ მასკის განცხადებები, რომელმაც სააგენტოს კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა და თქვა, რომ უნდა მოკვდეს.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრეს USAID-ის რეორგანიზაციის შესახებ წერილით აცნობა, თუმცა ბიზნესმენის განცხადებებზე კომენტირება სახელმწიფო მდივანმა მედიასთან არ ისურვა. რუბიოს თქმით, USAID-ის ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა გაუქმდეს, თუმცა ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება. საბოლოო გადაწყვეტილებებამდე კი სახელმწიფო მდივანი სააგენტოს ხელმძღვანელობასაც თავად იბარებს.
USAID -ი საქართველოს მსხვილი დონორი
USAID-ი საქართველოს 1992 წლიდან აფინანსებს და ჯამში, ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფინანსებიდან ქვეყანამ არაერთ მნიშვნელოვანი პროექტისათვის 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო. თანხების უდიდესი წილი, სააგენტოს ბუნებიდან გამომდინარე, ხელისუფლებების განკარგვაში ხვდებოდა, მცირე ნაწილი კი ასევე მოქმედ მთავრობებთან შეთანხმებით ხორციელდებოდა. პროგრამები, რომლებიც USAID-ის მიერ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სხვადასხვა მიმართულებას - მათ შორის ეკონომიკურ რეფორმებს, კერძო სექტორის ხელშეწყობას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავდა
“USAID არის ძირითადი უწყება აშშ-ში, რომელიც საგარეო დახმარებას ახორციელებდა. საქართველოსთვის ძალიან დიდი დახმარება აქვს გაწეული დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე. თუ ბოლო წლებს გადავხედავთ ვნახავთ, რომ USAID-ის დახმარების დიდი ნაწილი უფრო სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე იყო და ხმარდებოდა ისეთი სექტორების განვითარებას როგორიც არის უსაფრთხოება, განათლების; ჯანდაცვის სექტორი სოფლის მეურნეობა", - აცხადებს რონდელის ფონდის მკვლევარი.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 9 წელში აშშ-სგან საქართველომ ჯამში 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება მიიღო. აქედან ნახევარ მილიარდ დოლარზე USAID-დან. 400 მლნ დოლარზე მეტი ქვეყანამ უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ამერიკიდან სწორედ USAID-ის გავლით შემოდიოდა. გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი 468 მლნ დოლარი მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე დაიხარჯა; მეორე ადგილს 237 მლნ დოლარით ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა იკავებს.
2015-2023 წლებში საქართველომ აშშ-სგან 1.3 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, რომელიც ასე გადანაწილდა:
- მშვიდობა და უსაფრთხოება - 468 მლნ დოლარი;
- ეკონომიკური განვითარება - 237 მლნ დოლარი;
- დემოკრატია, ადამიანის უფლებები; მმართველობა - 206 მლნ დოლარი;
- განათლება და სოციალური მომსახურება - 164 მლნ დოლარი;
- პროგრამული მხარდაჭერა - 127 მლნ დოლარი;
- ჰუმანიტარული დახმარება - 24 მლნ დოლარი;
- ჯანდაცვა - 22 მლნ დოლარი;
- მულტი სექტორული დახმარება - 15 მლნ დოლარი;
- გარემოს დაცვა - 11 მლნ დოლარი;
“2015-2023 წლებში საქართველომ ამერიკისგან მიიღო 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება, რაც მოიცავს იმ პროგრამებს, რომლებსაც აშშ-ის სხვადასხვა სააგენტოები ახორციელებენ საქართველოში. მათ შორის ყველაზე მსხვილი არის USAID-ის მიერ განხორციელებული პროგრამები. ეს თანხა არის სრულად დახმარება და ცხადია არ მოიცავს სესხებს, რაც შესაძლოა გასასტუმრებელი ჰქონდეს ქვეყანას. ანუ მხოლოდ დახმარების სახით მიღებულ თანხებს ვგულისხმობთ”, - გვეუბნება PMCG-ის უმცროსი მკვლევარი გუგა ცუხიშვილი.
განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გასულ წელს გადაცემა “წერტილში” ამბობდა, რომ USAID-ი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორს 300 მილიონით დაეხმარა.
„ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, 1997 წელს როდესაც სემეკი ჩამოყალიბდა, ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა USAID-ს - ენერგეტიკის შესახებ პირველი კანონის დაწერაში სწორედ USAID დაგვეხმარა. ასევე, 2005 წელს USAID-მა ჩაატარა საქართველოს ჰიდრორესურსების კვლევა, რომელიც მაშინ ერთადერთი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ძალიან დიდი როლი ითამაშა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. საბოლოო ჯამში, 2000-იანი წლებიდან, USAID-მა საქართველოს ენერგეტიკას საჩუქრად 300 მილიონ დოლარამდე საჩუქრად გადასცა“, - ამბობს აბრამიშვილი.




























