მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოში FDI-ის გაზრდისთვის აუცილებელ 2 პირობას ასახელებს

5ede3f7299bcd
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.20 18:53
1976
"ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ თუ რაიმე ტიპის სამართლებრივი პრობლემა წამოიჭრება, ან სამართლებრივი დავა გახდება საჭირო - ქვეყანაში არსებობს სასამართლო სისტემა, რომელიც ძლიერია, რომელიც პატივს სცემს საკუთრების უფლებას და კანონის უზენაესობას,”- განაცხადა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.

ვიბლერის განცხადებით, საქართველოში საინვესტიციო თვალსაზრისით არაერთი სფერო არის მიმზიდველი, თუმცა, იმისთვის, რომ ქვეყანამ უფრო მეტი FDI მოიზიდოს, აუცილებელია, ინვესტორებს ჰქონდეთ გარანტია, რომ მათი ინვესტიციები დაცული იქნება.

“ჩვენ რასაც ვამბობთ და ელჩსაც აქვთ კომენტარები გაკეთებული ამ თემაზე - იმისთვის, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს, იმისთვის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს, რაც ჩვენ ყველას გვინდა და ვიცი, რომ ქართველ ხალხსაც უნდა ეს, რადგან ეს გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალს ნიშნავს - აუცილებელია, რამდენიმე პირობა იყოს დაცული.

პირველი: სადაც უნდა აბანდებდნენ საკუთარ ფულს, ინვესტორები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი ინვესტიცია დაცულია. დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ არსებობს პერსპექტივა რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი ბიზნესი გაიზრდება და ისინი აქედან მოგებას ნახავენ და ვფიქრობ, ეს სრულიად ლოგიკურია ნებისმიერ შემთხვევაში - იქნება ეს ამერიკა, თუ საქართველო.

მეორე: ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ თუ რაიმე ტიპის სამართლებრივი პრობლემა წამოიჭრება ან სამართლებრივი დავა გახდება საჭირო - ქვეყანაში არსებობს სასამართლო სისტემა, რომელიც ძლიერია, რომელიც პატივს სცემს საკუთრების უფლებას და კანონის უზენაესობას.

ეს არის ის, რასაც ზოგადად ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ამის გამო, შეერთებული შტატები USAID-ის და ასევე სხვა სამთავრობო სტრუქტურების მეშვეობით, ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს, გააძლიეროს სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ სისტემა იყოს სამართლიანი და გამართული რომ მას უფრო და უფრო მეტად ენდონ არა მხოლოდ ინვესტორი კომპანიები, არამედ თავად ქართველი ხალხი,” - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პიტერ ვიბლერმა გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა, საქართველოში საინვესტიციოდ მიმზიდველი სექტორებია. ვიბლერის თქმით, საქართველოს კრიზისამდე საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო სექტორებს შორის ტურიზმი საკმაოდ დიდი მიმზიდველობით გამოირჩეოდა.

“საქართველოს საკმაოდ დინამიური ეკონომიკა აქვს და კრიზისამდე, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. ეს ნამდვილად ის მაჩვენებელია, რომლის მიღწევაც ძალიან ბევრ ქვეყანას ენდომებოდა. ჩვენი ინვესტიციები იქითკენ არის მიმართული, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს ამ ეკონომიკური ზრდის სიკეთეები - მათ შორის, მათაც ვისაც ამის შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონიათ - მაგალითად, უმცირესობათა წარმომადგენლების ნაწილს და სხვა - ამ ინკლუზიურობის უზრუნველყოფა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაზრდის ეკონომიკას.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულად სექტორებს - უკვე ვახსენეთ ტურიზმი, ვუყურებთ ასევე მსუბუქ მრეწველობას - მათ შორის, ავეჯის წარმოებას, შეფუთვების წარმოებას და ა.შ. რაც შეიძლება იყოს გათვლილი ექსპორტზე და ასევე, შექმნას სამუშაო ადგილები. ასევე შესაძლოა ეს იყოს შემოქმედებითი ინდუსტრიებიც - აუდიო-ვიდეო პროდუქცია, დიზაინი, ხელით წარმოება - ერთმანეთთან დავაკავშიროთ შემოქმედი და ანტრეპრენერი ადამიანების გამოცდილება.

გარდა ამისა, დიდი აქცენტი კეთდება სოფლის მეურნეობაზე. ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე იმისთვის, რომ თავი შეინახოს. ჩვენ გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ, ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორი გარდაიქმნას საოჯახო ეკონომიკიდან უფრო მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციის მწარმოებელ ინდუსტრიად, რომელსაც ექნება უნარი გავიდეს ევროპულ ბაზრებზე და შექმნას უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს გაცილებით უფრო მეტად ინკლუზიური,” - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

ინტერვიუ USAID-ის ხელმძღვანელთან, პიტერ ვიბლერთან:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები