მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის $2.5 მილიონი აქვს გამოყოფილი - პაატა შეყელაძე

პაატა შეყელაძე

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ღვინის მარკეტინგის დირექტორი, პაატა შეყელაძე BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღვინის წარმოების 8000 წლიანი ისტორია აქვს, მისი ცნობადობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. 

მისივე თქმით, USAID-მა დაინახა, რომ ქართულ ღვინის სექტორს დამატებითი ინვესტიციები სჭირდება, სწორედ ამიტომ მისი პოპულარიზაციისთვის $2.5 მილიონი გამოყო, გარდა ამისა, მოიკვლია სამიზნე საექსპორტო ბაზრები და აღნიშნული ბიუჯეტის სხვადასხვა აქტივობებში დახარჯვა დაიწყო. 

"ჩვენ აქტიურად ვაფინანსებთ საერთაშორისო გამოფენებს და გარდა ამისა, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურები არიან ჩვენი საელჩოები ამ ქვეყნებში, არამხოლოდ ღვინის, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქცენტი ძირითადად მაინც ამერიკულ ბაზარზე პოპულარიზაციაში კეთდება, ჩვენ იქაურ იმპორტიორებთან კომუნიკაცია დავამყარეთ, გავაფორმეთ ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ამერიკაში საკმაოდ მსხვილ იმპორტს განვახორციელებთ, ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება არანაკლებ 300-350 ათასი ბოთლი, რაც დიდად შეცვლის ექსპორტის მაჩვენებელს ამერიკის შეერთებულ შტატებში და პლუს ამას გავაფორმეთ ხელშეკრულებები ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ქართველ მწარმოებლებს უცხოურ მარკეტებთან აკავშირებენ, მათ ამაში დიდი გამოცდილება აქვთ და მნიშვნელოვან პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ღვინოს", - აცხადებს პაატა შეყელაძე. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2022 წელს USAID-მა როგორც საქართველოს ღვინის ბაზარი, ისე სამიზნე საექსპორტო ბაზრების მოთხოვნებიც შეისწავლა, საერთაშორისო ბაზრები ძირითადად იყო სამხრეთ კორეა, ევროპაში გერმანია, დამატებით გაერთიანებული სამეფო. 

როგორც პაატა შეყელაძე გადაცემაში საუბრისას ამბობს, ქართული ბაზრის კვლევისას გამოიკვეთა, რომ ქართული ღვინო არამხოლოდ ტრადიციებით, არამედ ტექნოლოგიურადაც ბევრ ქვეყანაზე წინაა, შესაბამისად ქართველ მწარმოებლებს აქვთ იმის უნარი, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოონ, უბრალოდ, ამას შესაბამისი ტიპის შეფუთვა და ქართული ღვინისა და ქვეყნის ტრადიციების სხვა ქვეყნებისათვის გაცნობა სჭირდება. 

"მოგეხსენებათ, რომ ამ დროისთვის ქართული ღვინის ექსპორტი ტრადიციულ ბაზრებზეა მიბმული, როგორიცაა რუსეთი და ასე შემდეგ, ამ ტერიტორიებზე მაღალია ქართული ღვინის ცნობადობა, ამის ჩანაცვლება საკმაოდ ძნელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ პროცესი დაიძრას და ამაში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აქტიურადაა ჩართული", - ამბობს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ღვინის მარკეტინგის დირექტორი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები