პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა მათი წარმომადგენლების განცხადებები გახდება "სამართლიანი".
"სამწუხაროდ, განცხადებები არის ცალმხრივი. ხომ იცით ვისი მხრიდან იყო ძალადობა ინიციირებული. ურთიერთობების გადატვირთვისთვის სამართლიანობაა მთავარი როცა ვხედავთ უსამართლო განცხადებებს რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. როგორც კი უსამართლობის განცდა აღარ იქნება ამ განცხადებებში მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები", - ამბობს ის.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გუშინ, 1 დეკემბერს, სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და დაწერა, რომ წუხს საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა მიდის უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები, რაც მოჰყვა 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.




























