„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა ბინის ყიდვასთან დაკავშირებული ვერ იქნება. ამის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ამ პროექტის განხორციელებით ემიგრაციის რისკების შესაძლებლობას განმარტავდა.
„არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას, შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, ბინის შეძენის შემთხვევაში უცხოელი მხოლოდ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას, 6-დან 12 თვემდე ვადით იღებს.
„რაც შეეხება მიგრაციულ ეფექტს, გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებზე 60 000 ბინა გაიყიდა, რასაც დემოგრაფიაზე არანაირი არსებითი გავლენა არ მოუხდენია. ამას ის საემიგრაციო პოლიტიკა განაპირობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. აქაც სპეკულაციები მოვისმინეთ, რომ როდესაც ბინას ყიდულობს უცხოელი მას ბინადრობის უფლება ავტომატურად ენიჭება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ბინადრობის უფლების მისაღებად 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება უნდა შეიძინოს. პირველი - ეს ბინადრობის უფლებები ავტომატურად არ ენიჭებათ და გარკვეულ პროცედურებს გადიან ეს პირები, მათ შორის უსაფრთხოების ნაწილში. მეორე - ისინი [ოპონენტები] არ აკონკრეტებენ, რომ ეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაა. ისე წარმოაჩენენ, რომ როგორც კი იყიდი 100 000-იან ბინას შეუძლიათ აქ მუდმივად დარჩენა. ეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაა 6-12 თვით, რაც არავითარ გარანტიას არ გაძლევს, რომ საქართველოში სამუდამოდ დარჩე.
შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. იმისთვის, რომ ადამიანი დარჩეს საცხოვრებლად საქართველოში ხანგრძლივი ან თუნდაც საშუალო ვადით, მას სჭირდება კონკრეტული სხვა პირობების დაკმაყოფილება, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობენ შესაბამისი უწყებები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბინადრობის ნებართვა, რომელიც სასწავლო დანიშნულებით გაიცემა და ა.შ. ბინასთან არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული ადამიანის საცხოვრებლად დარჩენა საქართველოში. ამას ადგენს საქართველოს კანონმდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























