კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ დასავლეთთან გაუარესებულმა ურთიერთობებმა გარკვეული პრობლემები მომსახურების ექსპორტსაც შეუქმნა.
ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანია FAS Group-ში, რომელსაც ფილიალი ბერლინშიც აქვს, აცხადებენ, რომ უცხოური კომპანიები მათთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ.
როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ BMG-ს განუცხადა, ამ ეტაპზე უცხოელ პარტნიორებთან არაერთი კონტრაქტი დაპაუზებულია. მისი თქმით, ეს ტენდენცია ივნისიდან შეინიშნება და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში შექმნილ დაძაბულ ვითარებას უკავშირდება, რის გამოც საქართველო დასავლური კომპანიებისთვის სანდო პარტნიორად აღარ მიიჩნევა.
„ჩვენ პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ქართული კომპანია ვართ, რომელმაც ევროპაში ბუღალტრული და ფინანსური სერვისები გავიტანეთ და ფილიალი გავხსენით ბერლინში. თუმცა ახლა ოპერირების მიმართულებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ, რადგან მთელი რიგი კომპანიები თავს იკავებენ საქართველოდან ჩასულ კომპანიებთან პარტნიორობაზე. ამ ეტაპზე კონტრაქტების დიდი ნაწილი დაპაუზებულია და მათი მოცულობა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ეს შეიძლება საქართველოში ყოფილიყო. ჩვენ ერთ წელზე დიდი ხანი ვარეგისტრირებდით ორგანიზაციას და ეს მოცემულობა ივნისიდან შეიცვალა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ის პროცესები დაიწყო, რაც დაიწყო.
ჩვენ ქვეყანას წარმოვადგენთ და როდესაც პროდუქცია თუ სერვისი გაგაქვს, გაგაქვს შენი ქვეყნის სახე, სანდოობა თუ არის ქვეყნის მიმართ, კომპანიის მიმართაცაა. თუ არ ენდობიან ქვეყანას, არ ენდობიან კომპანიებსაც. როგორც კი საქართველოში მდგომარეობა დასტაბილურდება და დასავლეთი დაინახავს, რომ მათთვის სასურველი პარტნიორები ვართ, შესაბამისად, როგორც ქვეყანა ასევე ქვეყნიდან ჩასული კომპანიები მათთვის სასურველი იქნება“, - განაცხადა ნათია სხვიტარიძემ.
ცნობისთვის, FAS Group-ი საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანია სააღრიცხვო და საკონსულტაციო სერვისებით 250-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება. ასევე, ჩართულია საერთაშორისო პროექტებში.