მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელების დასაქმების შეზღუდვა ემიგრაციის პრობლემას ვერ გადაჭრის...მოსალოდნელია ფასების ზრდა|ინტერვიუ

ბექა ლილუაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ეკონომისტ ბექა ლილუაშვილის აზრით, საქართველოში უცხოელთა დასაქმების შეზღუდვა დაბალკვალიფიციურ სეგმენტში, სავარაუდოდ, მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს. მისივე თქმით, ემიგრაციის შეჩერება არა - აკრძალვებით, არამედ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებითაა შესაძლებელი. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში რესპონდენტმა ისიც აღნიშნა, რომ უცხოელების დასაქმების წესის შეცვლის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება, ყოველგვარი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) გარეშე, ბიზნესისთვის სერიოზულ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნის.

1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელების დასაქმება შეიზღუდა - მთავარი მიზანი ადგილობრივის შრომის ბაზრის დაცვაა. ერთ-ერთი სიახლე გახლავთ „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საერთოდ ვერ იმუშავებენ.

- პირველი მარტიდან ქვეყანაში უცხოელების დასაქმება შეიზღუდა. ზოგიერთ სფეროში - მაგალითად, გიდების, კურიერებისა და ტაქსის მძღოლების შემთხვევაში - მუდმივი ბინადრობის არმქონე პირები საერთოდ ვეღარ იმუშავებენ, რადგან სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ადგილობრივებსაც შეუძლიათ. რას მოიტანს ეს რეგულაცია როგორც ბიზნესისთვის, ისე - მომხმარებლისთვის?

- ყოველთვის ამ კითხვით ვიწყებ: რა იყო [რეგულაციის შემოღების] რეალური მიზანი?! რა თქმა უნდა, ვიცით გაჟღერებული მიზნები, როგორიცაა ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვა, მაგრამ ასეთი მკაცრი ცვლილებები უფრო სიღრმისეულ დასაბუთებას მოითხოვს. თუ ხელისუფლების ამოცანა ის არის, რომ ემიგრაციაში წასულ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანას იმის გამო ტოვებენ, რომ აქ საკმარისი ანაზღაურების მქონე სამსახურს ვერ პოულობენ, გამოსავალი შესთავაზოს, ამ პრობლემას მსგავსი ინიციატივით ვერ გადაჭრის... თუ ჩვენ გვჯერა, მაგალითად, მომსახურების სფეროში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებზეც ძირითადად გავრცელდება ეს ცვლილება, აქვთ ე.წ. Bargaining Power (მოლაპარაკების ძალაუფლება), რომ არ გაზარდონ მომსახურების მარჟები, მაშინ, ბუნებრივია, ეს გავლენას ფასებზე არ იქონიებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ დაბალკვალიფიციურ სეგმენტზე, სადაც უცხოელი მუშახელის ხელმისაწვდომობა იზღუდება, ეს აუცილებლად სადღაც უნდა აისახოს და, როგორც წესი, ეს პირდაპირ აისახება ხოლმე ფასში. თუ მიზანია, რომ ადამიანები არ წავიდნენ ქვეყნიდან, ხელისუფლება სხვა ინსტრუმენტებზე უნდა გადავიდეს: ეკონომიკური ზრდის მასშტაბზე, დაჩქარებასა და მის მდგრადობაზე - ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი.

- აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით, ყოველგვარი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტის გარეშე განიხილა...

- ეს ძალიან მძიმე ამბავია - სანამ არ გვექნება საკითხის გამჭვირვალედ გაანალიზების საშუალება, ვერ გავიგებთ რეალურ შედეგებს. ადრე გვქონდა კარგი პრაქტიკა - გადაწყვეტილების მიღებამდე, ბიზნესორგანიზაციებს ვრთავდით პროცესში და ვუსმენდით ალტერნატიულ აზრებს, დღეს ამას ვეღარ ვხედავთ...

- სამწუხაროა, რომ თავად მსხვილ დამსაქმებლებს არ უაქტიურიათ საჯაროდ ამ საკითხზე... ადრე ბიზნესი უფრო ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას მსგავს რეგულაციებზე. რატომ დუმან ახლა?

- ამის შეფასება შორს წაგვიყვანს... მაშინ არსებობდა პლატფორმა [ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციისთვის] როდესაც არ ხდება რეგულირების გავლენის შეფასება, რაც თავისთავად მთელი საპარლამენტო პროცესია ანგარიშგებებითა და დისკუსიებით, ბიზნესს აღარ რჩება სივრცე საქმიანი საუბრისთვის; როცა ასეთი ფორმატები ქრება, ნებისმიერი სხვა პროტესტი პოლიტიზებული ხდება, რაც ბიზნესისთვის პოზიციონირებას ართულებს.

- უცხოელების დასაქმების შეზღუდვის რეგულაციის მეორე ნაწილი ბიუროკრატიას ეხება - თუ კომპანიას უცხოელის დასაქმება სურს, ჯერ ადგილობრივი უნდა ეძებოს, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს შრომის უფლების ნებართვისთვის. რამდენად წარმოგიდგენიათ რეგულაციის ეფექტიანი აღსრულება - ბიუროკრატია ხომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია?

- ვფიქრობ, აღსრულების თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევები იქნება და აქ, ალბათ, ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება თქვენს ფუნდამენტურ კითხვას - როდესაც საუბარია დაბალკვალიფიციურ მუშახელზე, კიდევ შეიძლება მოიძებნოს გარკვეული არგუმენტები, [უცხოელების დასაქმების შეზღუდვის] პრაქტიკა არსებობს, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, ვინც ამას აკეთებს და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება; თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ბიუროკრატიული ნაწილი - დეტალებში რომ არ შევიდეთ - ფაქტობრივად, თანაბრად გადანაწილდა კვალიფიკაციის ყველა საფეხურზე. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შესაძლოა, მსგავსი ინტერპრეტაცია პარტნიორებზეც კი გაკეთდეს. ეს ნამდვილად პრობლემაა, რადგან როგორც კი საქმე ეხება მაღალკვალიფიციურ მუშახელს, რომლის მოძებნაც ქვეყნის შიგნით ობიექტურად რთულია, ეს ავტომატურად ქმნის დიდ გამოწვევებს. მიჭირს იმის წარმოდგენა, რამდენად აქვს სამინისტროს ამ გამოწვევების გადალახვის შესაძლებლობა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ დაჩქარებული ტემპით მიღებულ ცვლილებებში მნიშვნელოვანი კორექტირებების შეტანა მოუწევთ. ამას თავად ბაზარი უკარნახებს - სხვა გამოსავალი, ჩემი აზრით, უბრალოდ არ იარსებებს...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები