უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციების მიმართ შემცირებულია. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით არარეზიდენტებს სულ 133 მილიონი ლარის ობლიგაციები ეკუთვნით, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ლარის სამთავრობო ობლიგაციებში არარეზიდენტებს 319 მილიონი ლარი ჰქონდათ დაბანდებული. შესაბამისად, ერთ წელიწადში აღნიშნული პორტფელი თითქმის 2.4-ჯერ შემცირდა.
უცხოელი ინვესტორების მიერ ლარის სახელმწიფო ობლიგაციების ფლობა პირდაპირ არის დაკავშირებული გლობალურ საფინანსო ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის და ლარის მიმართ ინტერესთან.
სტატისტიკის მიხედვით, ლარის სახაზინო ობლიგაციებში დაბანდებული თანხა მაქსიმუმს 2021 წელს აღწევდა და ის 700 მილიონ ლარს აჭარბებდა. ეს ამ დროს ლარის მთლიანი ობლიგაციების ბაზრის 13% იყო, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, არარეზიდენტების საკუთრებაში არსებული 133 მილიონი ლარის ობლიგაციები მთლიანი პორტფელის 1%-ია.




























