მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უცხოელი სტუდენტები ყურადღებას საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას და უსაფრთხოებას აქცევენ" - ალტე უნივერსიტეტი

სტუდენტი ბინა

საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ვკითხულობთ. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე 37 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რაც სტუდენტების ჯამური რაოდენობის 20%-ია. ზრდა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 20% იყო.

უცხოელ სტუდენტთა რაოდენობის ზრდას უმაღლესი სასწავლებლებიც გრძნობენ. მათ შორისაა "ალტე უნივერსიტეტი", სადაც ამ დროისთვის სამი ინგლისურენოვანი ფაკულტეტია. უნივერსიტეტში 45 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. ძირითადი დაინტერესება სამედიცინო მიმართულებაზეა.

“უცხოელი სტუდენტების დიდი რაოდენობა მოდის ინდოეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ლიბანიდან, ბრიტანეთიდან, აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან. მოთხოვნის ზრდა ქართულ საგანმანათლებლო სექტორზე უცხოელი სტუდენტების მხრიდან ჩვენთანაც წლიდან წლამდე შესამჩნევია, ბოლო წელსაც დიდი ზრდა გქონდა უცხოელი სტუდენტების რაოდენობის კუთხით”, - ამბობს "ალტე უნივერსიტეტის" ვიცეპრეზიდენტი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილი.

მისივე თქმით, საქართველო უცხოელი სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით კონკურენციაშია არაერთ ქვეყანასთან, ამიტომაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია. როგორც ანი ამირანაშვილი ამბობს, საქართველოს პოზიციონირება უნდა მოხდეს როგორც ქვეყნის, სადაც ხარისხიანი განათლების მიღებაა შესაძლებელი.

"ამის რესურსი საქართველოს აქვს. ფაქტია, რომ პირველი ჯგუფები, რომლებიც ჩამოვიდნენ და მიიღეს აქ განათლება, ჩვენი ქვეყნის ერთგვარი რეკლამა გააკეთეს", - დასძინა მან

მისივე თქმით, მთავარი, რასაც საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუდენტები ყურადღებას აქცევენ, ქვეყნის უსაფრთხოება და საცხოვრებელი ფართის მოძიებაა, რომელიც ხშირად არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტისთვის, არამედ ქართველებისთვისაც პრობლემაა.

"მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების პირობები, როგორც ხელმისაწვდომობის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მშობლებიც, რომლებიც შვილებს სხვა ქვეყანაში უშვებენ სასწავლებლად", - აღნიშნა "ალტე უნივერსიტეტის" ვიცეპრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები