მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელი სტუდენტების ჩახსნა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი იქნება - ქეთი ცოტნიაშვილი

ქე

მთავრობის მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმა შესაძლოა, უცხოელ სტუდენტებსაც შეეხოთ. "ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა" - ასე უყურებს "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე უცხოელი სტუდენტების საკითხს და მიიჩნევს, რომ არარეზიდენტი სტუდენტები მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებს უნდა ჰყავდეთ.

განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მწირია და როგორც წესი, სახელმწიფო უნივერსიტეტები დანაკლისს უცხოელი სტუდენტებით ივსებენ. ეს ინიციატივა კი ამ შესაძლებლობას კლავს.

"[უცხოელი სტუდენტების] კონტრიბუცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთლიანად ეკონომიკისთვის, არამედ იმისთვის, რომ თითოეული უნივერსიტეტი გადარჩეს. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს იმიტომ მოუწია საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების დამატება, რომ უბრალოდ შეუძლებელია არსებული დაფინანსების სისტემით საქართველოში უნივერსიტეტებმა განათლების ხარისხი განავითარონ. ამ რესურსების ჩახსნა უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი იქნება", - ამბობს უმაღლესი განათლების ექსპერტი ქეთი ცოტნიაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გაუჭირდება ის შემოსავლები დააკომპენსიროს, რასაც უნივერსიტეტები უცხოელი სტუდენტებისგან იღებენ. "ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ამას სახელმწიფო დააკომპენსირებს, მაგრამ არანაირი მტკიცებულება და რიცხვები არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, ეს თანხები სინამდვილეში დაკომპენსირდება".

ბოლო ოთხ წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე მაგალითად თუ 2021-2022 სასწავლო წლებში ქვეყანაში ჯამში 17 500 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, 2024/2025 სასწავლო წლებში 37 100-მდე გაიზარდა არარეზიდენტი სტუდენტების ოდენობა. საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდან ჩამოდის და მათი უმრავლესობა აქ სამედიცინო პროგრამებზე სწავლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები