უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოში სწავლაზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელშიც საქართველოს საგანმანათლებლო სექტორია მიმოხილული.
კვლევის მიხედვით, უცხოელ სტუდენტებს შორის ინდოელები ჭარბობენ.
„საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2015-2021 წლებში 17.5%-ით გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინიდან და რუსეთიდან ინდოელი სტუდენტების საქართველოში გადმონაცვლებამ ამ მაჩვენებლის ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა და 32.4%-მდე გაზარდა (2021-2023 წლებში). შედეგად, საქართველოს ახლა უცხოელი სტუდენტების შემოსვლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც 17.3%-ს შეადგენდა 2023 წელს, მაშინ როცა 2015 წელს 4.9% იყო. მაგალითად, შვეიცარიაში ეს მაჩვენებელი 19.1%-ია, ხოლო ჩეხეთში - 15.6%“, - წერია კვლევაში.
მიმოხილვაში ასევე ხაზგასმულია, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ინდოელი სტუდენტების რაოდენობაა, თუმცა, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც, მათ შორის იორდანიიდან, ისრაელიდან და ეგვიპტიდან.
კვლევის მიხედვით, ინდოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ამის მიზეზი კი საქართველოში ხელმისაწვდომი ფასებია.
„საქართველო ინდოელი სტუდენტებისთვის რიგით მე-9 ყველაზე მსხვილი ბაზარია, რომელზეც 1.4% მოდის, 2018 წელს კი 0.8% მოდიოდა. ამ ზრდის პარალელურად, ინდოეთს სწრაფად მზარდი მაჩვენებლები აქვს მსოფლიოში და საერთაშორისო სტუდენტების რიგით მეორე უმსხვილესი წყაროა, ჩინეთის შემდეგ“, - წერია კვლევაში.
აღსანიშნია, რომ 2023/24 აკადემიური წლისთვის, უცხოელი სტუდენტების 76.2% კერძო სასწავლებლებში იყო, მაშინ როდესაც, 2025/16 წლებში მათი რაოდენობა 54.1%-ს შეადგენდა. 2025 წლიდან, 3-წლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების დაწყება კი, Galt&Taggart-ის მოსაზრებით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
რაც შეეხება, უცხოელი სტუდენტების მიერ საქართველოს ეკონომიკისთვის მოტანილ დოვლათს, Galt&Taggart-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მათი მხრიდან შემოსავლები მზარდია და საშუალოდ ერთ სტუდენტზე 2023 წელს 6500 ლარს აჭარბებდა. ეს მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ გაორმაგებულია. ჯამში კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემოსავალმა გასულ წელს 493.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 29.7%-ით მეტია.
Galt&Taggart-ის მიხედვით, საქართველოს შეუძლია 2028 წლისთვის 40-48 ათასი უცხოელი სტუდენტის მასპინძლობა, რაც ეკონომიკას 420-500 მლნ დოლარს მოუტანს.