ბოლო ოთხ წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა. TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოში 37 100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან 15% სწავლობდა საბაკალავრო, ხოლო 85% სამაგისტრო და სამედიცინო პროფილის უმაღლესი განათლების პროგრამებზე.
როგორც „ალტე უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტი BMG-სთან აცხადებს, არარეზიდენტი სტუდენტებისთვის საქართველო ხელმისაწვდომ ქვეყნად რჩება როგორც განათლების, ასევე ცხოვრების ხარჯების მიმართულებით, შესაბამისად, მათი მხრიდან დაინტერესებაც მზარდია. თუმცა უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვას სხვადასხვა საკითხები აბრკოლებს, მათ შორის საიმიგრაციო საკითხები. კერძოდ, ის ფაქტი, რომ საქართველოს ბევრ ქვეყანაში საელჩო არ აქვს.
„ჩვენს უნივერსიტეტში ტრენდი იგივეა დაახლოებით როგორც ზოგადად ქვეყანაში, ანუ მზარდი არის მოთხოვნა საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, პოპულარულად რჩება მედიცინის პროგრამა. თუმცა, ასევე საინტერესო გახდა უკვე ტექნოლოგიების მიმართულებითაც პროგრამები ინგლისურენოვანი საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ჩვენ 50-ზე მეტი ქვეყნიდან გვყავს სტუდენტები. აზიის ქვეყნები, რა თქმა უნდა, ისევ უმრავლესობაშია, თუმცა მათი წილი მაინც შემცირებულია, რადგან ჩვენ სხვა ბაზრების ათვისებაზეც ვმუშაობთ.
ზოგადად, ქვეყანა უცხოელი სტუდენტებისთვის მიმზიდველად რჩება. პირველ რიგში, მისაღები ფასების გამო, როგორც განათლების ნაწილში, ისე საცხოვრებელ ფასების მიმართულებით. ფასთან მიმართებით ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ამ კომბინაციას ხვდებიან უცხოელი სტუდენტები საქართველოში. რაც შეეხება გამოწვევებს, ბევრი ისეთი ქვეყნიდან არის დაინტერესება საქართველოში სწავლაზე, სადაც საქართველოს არ აქვს პირდაპირ საელჩო. ამიტომ [უცხოელ სტუდენტებს] სხვა ქვეყანაში უწევთ ვიზის ასაღებად ჩასვლა. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ხარჯია, დაბრკოლებაა და ამის გამო სტუდენტების ნაწილი უარს ამბობს საქართველოზე, როგორც ლოკაციაზე. მაგალითად, აფრიკის ქვეყნებიდანაც არის დაინტერესება, თუმცა საქართველოს საელჩო აფრიკის ბევრ ქვეყანაში არ არის და ეს გამოწვევაა.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განვითარება საიმიგრაციო ნაწილში ალბათ ძალიან დაეხმარებოდა უნივერსიტეტებს, რომ სხვადასხვა ბაზრები აგვეთვისებინა“, - განაცხადა ანი ამირანაშვილმა, „ალტე უნივერსიტეტის” ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
ცნობისთვის, წელსაც საქართველოს ყველაზე მეტი სტუდენტი (55%) ინდოეთიდან ჰყავდა, შემდეგ მოდის იორდანია (7%), მესამე ადგილზე კი ისრაელია (6%-ით).




























