მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელი ტურისტების უმრავლესობას რაჭის შესახებ ინფორმაცია არ აქვს - სასტუმრო "არტ რაჭა"

რაჭა

უცხოელი ტურისტების უმრავლესობას რაჭის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სტუმრად მყოფმა სასტუმრო „არტ რაჭას“ თანადამფუძნებელმა, მარიამ ჭარხალაშვილმა ისაუბრა, რომელმაც საკუთარი სამაგისტრო ნაშრომი სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა.

ნაშრომის ფარგლებში გამოკითხული ადამიანების ნაწილი, სწორედ მისი სტუმრები არიან. კვლევა, რომელიც რაოდენობრივ და თვისობრივ გამოკითხვას ეფუძნება, წლის დასაწყისში ჩატარდა და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მოიცავდა დაახლოებით 400 უცხოელ თუ ადგილობრივ რესპონდენტს, მათ შორის როგორც დასავლეთიდან, ისე აზიიდან ჩამოსულ ვიზიტორებს.

„ჩინელმა ტურისტმა, რომელიც ჩემს კვლევაში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ რაჭის შესახებ არაფერი სმენია. მსგავსი პასუხები დაფიქსირდა სხვა ქვეყნებიდანაც“, - აღნიშნა ჭარხალაშვილმა.

მისი შეფასებით, რაჭის ტურიზმის მთავარი გამოწვევა ინფორმაციის ნაკლებობაა, რადგან რეგიონის ცნობადობა უცხოელ ტურისტებში ჯერ კიდევ დაბალია.

„უცხოელების უმეტესობას არც კი სმენია რაჭის შესახებ. ვინც იცოდა, ინფორმაცია ძირითადად მეგობრებისგან ჰქონდათ, რომლებმაც უკვე იმოგზაურეს და გამოცდილება გაუზიარეს მათ“, - განაცხადა მან.

ჭარხალაშვილის თქმით, რეგიონს აქვს ყველა საჭირო რესურსი, რომ ოთხივე სეზონზე ვიზიტორებს უმასპინძლოს, თუმცა საჭიროა მიზნობრივი პიარ კამპანიებისა და საიმიჯო კომუნიკაციების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს რაჭის საერთაშორისო პოპულარიზაციას.

„რაჭას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მრავალ სეზონური ტურისტული მიმართულება. მეტი სარეკლამო კამპანია და სწორად დაგეგმილი მარკეტინგი მნიშვნელოვნად დააჩქარებს ამ პროცესს“, - აღნიშნა მარიამ ჭარხალაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რაჭაში მდებარე სასტუმრო „არტ რაჭა" რაჭის რეგიონში 2023 წლიდან ოპერირებს. საოჯახო სასტუმრო დაახლოებით 18 ადამიანზეა გათვლილი და ის დამსვენებელს სასტუმროში განთავსებასთან ერთად, ტურებსა და მასტერკლასს, ასევე რაჭულ სამზარეულოს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები