ადამიანმა, რომელსაც მუშაობის სურვილი გააჩნია, დამსაქმებლის დასტური აქვს და მზადაა გადასახადები გადაიხადოს, მარტივად უნდა მიიღოს შესაბამისი ნებართვა, - ასე აფასებს რესტორატორთა ასოციაციის თანამფუძნებელი უცხოელებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების შემოღების ინიციატივას.
საქმე ისაა, რომ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, "ქართული ოცნება" „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ამკაცრებს.
კანონპროექტის თანახმად შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი. ამასთან, დამრღვევი მიგრანტებისთვის ჯარიმა შემოდის, ხოლო დამსაქმებლებისთვის - იზრდება.
როგორც შოთა ბურჯანაძემ BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, შრომის ბაზარი ამ მიმართულებით გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებს, თუმცა მისი თქმითვე, უცხოელებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების მიღება იმდენად რთული არ უნდა იყოს, რომ საქართველოში დასაქმების მიზნით ჩამოსვლა მათ საერთოდ აღარ უღირდეთ.
რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მუშახელის რაოდენობა დღეს ტურიზმის სექტორში არსებულ საკადრო მოთხოვნას კვლავ ვერ აკმაყოფილებს.
„დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში აუცილებელი არის უცხო მუშახელი, ასე ვთქვათ, "გასტარბაიტერი", ეს საკითხი აუცილებელი არის, რომ რეგულირებადი იყოს კანონით. ქაოტურ მდგომარეობაში დაზარალდება როგორც ჩამოსული ადამიანი, ისე ადგილობრივი, როგორც მომხმარებელი, ასევე დამსაქმებელი და დასაქმებულებიც. რეგულაციის გარეშე ეს საკითხი არ რეგულირდება და შესაბამისად ყველა განვითარებულ ქვეყანაში მას თავისი კანონი და წესები ახლავს.
[თუმცა] რეგულაცია არ ნიშნავს აკრძალვას, რეგულაცია ნიშნავს სწორად განვითარებას და იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სურვილი აქვს ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და დასაქმდეს, ეს არ უნდა იკრძალებოდეს არავითარ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ჩამოსულმა ადამიანმაც უნდა გადაიხადოს გადასახადები და ადგილობრივი თუ უცხოელი მუშახელი ერთი და იგივე პირობებში უნდა იყვნენ. ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოდის და მას მუშაობის სურვილი გააჩნია, დამსაქმებლის დასტურის შემთხვევაში და მისი მზაობაა გადასახადების გადახდის მიმართულებით, ყველა იმ პირობის შესრულებით, რაც საჭიროებს ადგილობრივი ბაზრის ხელშეწყობას, ამ შემთხვევაში მარტივად უნდა გაიცემოდეს ასეთი [სამუშაო] ნებართვა”, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.




























