მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უცხოეთის ბაზრებზე ძალიან დიდია დაინტერესება "საკუთარი ბრენდის" (Private Label) მიმართულებით" - "მაისი"

წვენი

ქართული ხილის წვენის მწარმოებელი კომპანია "მაისი" საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი, გიორგი გუდაბანძე "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, მოლაპარაკებებს აშშ-სა და არაბულ ქვეყნებთან აწარმოებენ.

"ძალიან კარგი ტენდენციები იკვეთება ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი კომპანიაც ახალია ამ ასპარეზზე და ახლახან დავიწყეთ საექსპორტო ბაზრებზე ოპერირება. აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს ისრაელის ბაზარზე და საკმაოდ სტაბილური პარტნიორები გვყავს ამ მიმართულებით. ასევე აშშ-სა და არაბული ქვეყნების მიმართულებით გვაქვს ძალიან აქტიური მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ მალე სტაბილური მიმწოდებლები გავხდებით ამ ორი ბაზრის. და, რა თქმა უნდა, ევროპის მიმართულების.

ექსპორტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველი წლის ბოლოს შემდეგი წლის საექსპორტო სტრატეგიაზე ვმუშაობთ, ვაიდენტიფიცირებთ ქვეყნებს, რომლებიც პოტენციურად საინტერესოა ჩვენთვის, ვაიდენტიფიცირებთ სამომავლო პარტნიორებს და შემდგომ ამ ბაზრებზე შეღწევას ვცდილობთ. ტენდენციები კარგია, დაინტერესება ქართული პროდუქტის მიმართ საკმაოდ მაღალია, რაშიც სერტიფიცირების ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი საწარმოც BRCG სტანდარტითაა რეგისტრირებული, გავლილი გვაქვს FDA რეგისტრაციაც და "კოშერის" სტანდარტიც", - აღნიშნავს გიორგი გუდაბანძე.

კითხვაზე, რისი შეთავაზება შეუძლია ხილის წვენების სექტორს მსოფლიო ბაზრისთვის, "მაისის" კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ, ვინაიდან წარმოების მასშტაბები მცირეა, ბრენდი Private Label მიმართულებას ავითარებს.

"რაოდენობებით საქართველო არა არის იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ ის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, რაც რეგიონშია, მსოფლიოზე აღარც მაქვს საუბარი. შესაბამისად, "მაისის" მაგალითზე, ვმუშაობთ ორი მიმართულებით - ერთი, უშუალოდ "მაისის" ბრენდის განვითარება და მეორე - Private Label მიმართულება, რომლითაც ძალიან აქტიურად ვპოზიციონირებთ საექსპორტო ბაზრებზე. ამ მიმართულებით დაინტერესება ძალიან დიდია, სხვადასხვა ბაზრებზე არიან ძალიან მსხვილი იმპორტიორები, რომლებსაც მათი ბრენდის ქვეშ უნდათ კონკრეტული პროდუქტების წარმოება.

ამასთან, გარდა 100%-ით ნატურალური პროდუქციის წარმოებისა, გვაქვს მიდგომა, რომ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს პორტფოლიოს. გვაქვს შემთხვევები, როცა პოტენციურ ან არსებულ კლიენტებთან კომუნიკაციით შევქმენით ახალ გემოები, დავტესტეთ და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა - აღნიშნული პროდუქცია უკვე მალე ჩაეშვება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნა გიორგი გუდაბანძემ.

სექტორის გამოწვევებზე საუბრისას, "მაისი" კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა, კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ერთად, სამუშაო კაპიტალის სიმცირეა.

"ყველაზე დიდი პრობლემაა სამუშაო კაპიტალის დეფიციტი, რომელიც გადახდის სხვადასხვა მეთოდების არსებობიდან გამომდინარე იქმნება. ნებისმიერ საექსპორტო ბაზარზე, 100%-ით წინასწარი გადახდა არც ერთ შემსყიდველს არ აქვს, შესაბამისად, ექსპორტიორებს გვიწევს გადახდა, რაც თავისთავად იწვევს პრობლემებს.

ვისურვებდით, რომ საბანკო პროდუქტები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე გვთავაზობენ კომერციული ბანკები თუ ფინანსური ინსტიტუტები, იყოს მოქნილი და ექსპორტიორთა ინტერესებზე მორგებული, რაც დაგვეხმარება ჩვენი საწარმოს სიმძლავრის ზრდაში, მარაგების გაკეთებაში და უფრო გახსნილებიც ვიქნებით ჩვენს პოტენციურ მყიდველებთან ურთიერთობაშიც", - ამბობს "მაისის" კომერციული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები