მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება.
მინისტრის განმარტებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები არიან მობილიზებულები. სარჯველაძის თქმით, უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იქნება მიღებული.
მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის ტაქტიკის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„მდგომარეობა არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე. ვცდილობთ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული. იქნებ არსებობდეს, რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. გნებავთ, კონსილიუმი დაარქვით, ან რაც გნებავთ. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება, რათა დაუყოვნებლივ იყოს ასეთი საჭიროება უზრუნველყოფილი.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით“, — აღნიშნავს მიხეილ სარჯველაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენის გამო გადაიყვანეს. იგი ამ დრომდე კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში რჩება.
სამედიცინო პერსონალის შეფასებით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ მკურნალობისთვის ყველა საჭირო რესურსი ადგილზეა მობილიზებული.




























