საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიასპორის საქართველოსთან, სამშობლოსთან, კავშირის შენარჩუნება მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. მისი თქმით, დიასპორისთვის მრავალი ღონისძიება თუ პროგრამა იგეგმება, რომელთა შექმნის პროცესშიც მოწინავე ქვეყნების მაგალითებია გათვალისწინებული.
„გუშინ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან, საქართველოსთან. კიდევ უფრო მეტად იხვეწება არსებული მექანიზმები პროცესში გათვალისწინებულია სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის მაგალითი როგორიც არის ირლანდია, ისრაელი, იტალია", - აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, უცხოეთში გახსნილი დიასპორული ორგანიზაციების რაოდენობა 300-ს აჭარბებს და დიასპორასთან კავშირის შენარჩუნებისთვის სამუშაოები გრძელდება.
"ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს. დანერგილია საგრანტო მექანიზმების სისტემა და გაიზარდა ამ მექანიზმების მოცულობა, რამაც მკვეთრად გააძლიერა უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები და დიასპორული ორგანიზაციები, მთლიანად მათი რაოდენობა 300-ს აჭარბებს, ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 10 ახალი საკვირაო სკოლაში.
მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იყოს გაწეული, იმისთვის, რომ მაქსიმალური კავშირი შევინარჩუნოთ ჩვენ დიასპორასა და სამშობლოს შორის. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ თითოეული ჩვენი თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდება საქართველოს უახლოესი წლების განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.