ქართული საბანკო ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციები მკვეთრად გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წელი ამ მხრივ რეკორდული იყო. ქართული ბანკების ბარათებით, 2024 წლის 11 თვეში უცხოეთში 8.849 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც 25%-ით, ანუ 1.75 მლრდ ლარით მეტია 2023 წლის 11 თვის მაჩვენებლებზე.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წლის მაისიდან ქართველები უცხოეთში ყოველთვიურად 800 მლნ ლარზე მეტს ხარჯავდნენ. განსაკუთრებით მაღალი იყო ქართული ბარათებით გაწეული ხარჯები ნოემბერში, რამაც 867.6 მლნ ლარს გადააჭარბა.
ძირითადად ქართული ბანკების ბარათებით გადახდა ხდება პოს-ტერმინალებით და ინტერნეტის მეშვეობით. ამ ტიპის ოპერაციებზე 8.1 მლრდ ლარი მოდის, ხოლო ბანკომატებით მხოლოდ 734 მლნ ლარის განაღდება დაფიქსირდა.
მთლიანობაში, 11 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ უცხოეთში შესრულებულ ოპერაციებს ქართული საბანკო ბარათებით განხორციელებულ ოპერაციებში 11%-იანი წილი უჭირავს.