იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის თქმით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციისთვის უკვე 322 ორგანიზაციას აქვს მიმართული. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც "რუსული კანონის" წინააღმდეგ სარჩელი განიხილება.
განხილვის დასაწყისში მან განაცხადა, რომ ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა 233 იყო, მოგვიანებით კი განახლებული მონაცემები დაასახელა. მისივე თქმით, დეზინფორმაციაა, რომ კანონს ორგანიზაციების მხოლოდ 1% ემორჩილება.
"განვაახლებ სტატისტიკას: დილით 233 იყო, ახლა არის 322, შაბათსაც შეუძლიათ მომართვა. საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს, კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები, ამაზე შევწყვიტოთ მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ არგუმენტებზე“, - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" კონსტიტუციურობაზე მსჯელობა 29 აგვისტოს დაიწყო. კანონის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი:
- პრეზიდენტის;
- 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციის;
- 38 ოპოზიციონერი დეპუტატის;
- ორი მედიაორგანიზაციის: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).