სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯამში გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 6 348 923 845 ლარი შეადგინა. მათგან, 156 მლნ არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება იყო, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ცნობისთვის, 2023 წელს 71 მილიონ ლარი იყო არარეზიდენტი კომპანიების ხელშეკრულების ღირებულება.
რაც შეეხება ქვეყნებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული 156 107 341 ლარიდან, ყველაზე დიდი წილი - 34 178 175 ლარისა და 28 874 157 ლარის ხელშეკრულებების ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა საფრანგეთსა და თურქეთში მომუშავე კომპანიებთან, შემდეგ მოდის შვეიცარიული კომპანიები 24,7 მლნ ლარზე მეტი ხელშეკრულების ღირებულებით და უნგრული კომპანიები - 20 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულებების ღირებულებით.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს არარეზიდენტ მიმწოდებლებთან ტენდერების მეშვეობით გაფორმებული „ტოპ 10“ ყველაზე მსხვილი ხელშეკრულების ღირებულებამ 120 მლნ. ლარს გადააჭარბა. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (19,850,880 ლარის), ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის კატეგორიაზე.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს, eProcurement სისტემაში რეგისტრირებული არარეზიდენტი მიმწოდებლების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის ბოლოს, 118 ახალი არარეზიდენტი მიმწოდებელი დარეგისტრირდა და ამჟამად ჯამურად 77 ქვეყნის 2,623 არარეზიდენტი მიმწოდებელია რეგისტრირებული, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას გამოცხადებულ ტენდერებში.




























