„ვთანხმდებით, რომ დღეს, ტურიზმი რთულ გამოწვევებშია და ამას დამატებული [უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება], რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ცუდ გავლენას მოახდენს ტურიზმზე“ - ასე უპასუხა სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
KA Group-ი ბაზარზე 2018 წლიდანაა და დღემდე, კომპანიას 27 სასტუმროს გახსნის, მართვის ან ქონსალთინგ სერვისებით თანამშრომლობის პრაქტიკა აქვს. ამჟამად, KA Group-ი საქართველოსა და სომხეთში სასტუმროების მართვის სფეროში ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა. კერძოდ, მენეჯმენტ კომპანია საქართველოში [თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში] 5 სასტუმროს მართავს, ასევე, კომპანიის მართვაშია კურორტ საირმეში Sairme Hotels & Resortt; 2025 წლიდან კი კომპანია სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამი სასტუმროს მმართველიცაა.
ირაკლი ჭიღლაძე იზიარებს ინდუსტრიის არაერთი წარმომადგენლის შეფასებას, საქართველოს ტურიზმისთვის უვიზო რეჟიმის მნიშვნელობაზე.
- ჩემმა კოლეგებმა უკვე ისაუბრეს ამ საკითხზე... ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ევროპელი ტურისტი წელიწადაში უფრო მეტს მოგზაურობს, ვიდრე თუნდაც იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც კარგად გვაქვს ათვისებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, [თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდა], ბიზნესზე მოახდენს გავლენას... ბრენდული სასტუმროები იძულებულები იქნებიან, კიდევ უფრო ჩამოწიონ ფასები, შესაბამისად, ჩვენ, ლოკალური ბრენდის სასტუმროებს, მოგვიწევს ვადაპტირდეთ. რა თქმა უნდა, მოახდენს ზეგავლენას...
- ბოლო წლებში, ხშირად გვსმენია ჰოტელიერებისგან თუ უძრავი ქონების აგენტებისგან, რომ არაერთი სასტუმრო დაიხურა ან იყიდება, ან მფლობელმა პროფილი შეუცვალა...
- დიახ... უკვე ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ პატარა სასტუმროები გადაკეთდნენ საოფისე ფართებად, რადგან ვერ გაუძლეს კონკურენციას.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დავუსვათ ბუნდოვანებას, როდესაც ბიზნესს არ შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთოს დაგეგმარება; ეს ყველაზე რთული გამოწვევაა. პირობითად, დღეს რომ რომელიღაც ქვეყნებზე ვაწყობთ მარკეტინგულ სტრატეგიას, ხვალ შეიძლება, რაღაც შეზღუდვები დაეწესოს იმ ქვეყანას და შესაბამისად, თანხები, რომლებიც დაიხარჯა პოზიციონირებისთვის და დრო, რომელიც დაიხარჯა, შეიძლება დაიკარგოს.
KA Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ "წერტილთან" ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და გამოსვალის გზებზე. საქართველოსა და სომხეთში 9 სასტუმროს მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეს, სასტუმროები კარგადაა დატვირთული, თუმცა ჯამურად, წლის პირველი ნახევრის შედეგები "სახარბიელო არაა". "წელს, დაბალ სეზონზე ვერ მივიღეთ ის შედეგები და რიცხვები, რაც გვქონდა გაწერილი; მეტიც არა მხოლოდ გეგმას, ბევრ სასტუმროში, წინა წლის მონაცემებსაც კი ჩამოვრჩით. შესაბამისად, ახლა, მაღალ სეზონზე მაქსიმალურად ვცდილობთ, წინა თვეების ჩამორჩენა როგორმე დავაბალანსოთ", - თქვა მან "წერტილში".




























