ქალაქ უხანში კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის 10 დღეში აშენებულმა ახალმა 1000-ადგილიანმა საავადმყოფომ პირველი პაციენტებისთვის მიღება ოფიცილურად დაიწყო. ამის შესახებ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით nbcnews წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საავადმყოფოს 1,400-მდე მაღალკვალიფიციური ექიმი მოემსახურება. მათ წარსულში უმუშავიათ ისეთ რთული დაავადებების მქონე პაციენტებთან, როგორიც SARS-ს ვირუსი და ებოლაა.
ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქალაქში კიდევ ერთი ახალი საავადმყოფოს აშენებას გეგმავს იგივე პრინციპით, რომელიც, დაახლოებით, მზად ერთ კვირაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ უხანში აღნიშნული საავადმყოფოს მშენებლობა 24 იანვარს დაიწყო და მშენებლობაზე 24 საათის განმავლობაში 7000-მდე ადამიანი მუშაობდა.
ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვმა 492-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 24 505-მდე გაიზარდა.




























