მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უზბეკეთი დაინტერესებულია, ტვირთბრუნვა საქართველოს გავლით 1,5 მლნ ტონამდე გაზარდოს - სამინისტრო

უზბეკეთში ვიზიტი

უზბეკური მხარე დაინტერესებულია, ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფნის გავლით 1,5 მლნ ტონამდე გაზარდოს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, "ოცნების" მთავრობაში მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსა და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრ ილჰომ მაჰკამოვს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

როგორც უწყება იტყობინება, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობებზე, რომელსაც უზბეკეთი გეგმავს შუა დერეფნის პოპულარიზების მიმართულებით. გარდა ამისა, მან ქართველი კოლეგა სექტემბერში მიიწვია მაღალი დონის მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დროსაც განხილული იქნება ჩინეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით რეგიონული მასშტაბური სარკინიგზო პროექტის და შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხები.

უახლოეს პერიოდში უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს ეწვევა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა უზბეკეთთან სამოქალაქო ავიაციის სფეროში შეთანხმების ლიბერალიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს ფრენების სიხშირეების და მგზავრთნაკადის ზრდას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. ასევე ყურადღება გამახვილდა უზბეკეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე. როგორც აღინიშნა, ზრდადია საქართველოში უზბეკეთიდან ვიზიტორების ჩამოსვლის დინამიკა - 2024 წელს მატებამ 23,4%, 2025 წლის 6 თვეში 14,5% შეადგინა", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში..

გარდა ამისა, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგას გააცნო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, მათ შორის, საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალს, თბილისის ახალ აეროპორტს, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს და სხვ. გარდა ამისა, ასევე ყურადღება გამახვილდა არსებულ საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესაძლებლობაზე, რომელთაც მეტი ტვირთის მომსახურება შეუძლიათ უზბეკეთიდან.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის უზბეკეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და თანამშრომლობა არაერთ სექტორს მოიცავს.

"ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო აქტიურად განვავითაროთ ურთიერთობები ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. ჩვენი საპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მზადაა მეტად იყოს გამოყენებული ევროპის ბაზარზე უზბეკური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის, გარდა ამისა, ჩვენ ვაშენებთ რეგიონული მნიშვნელობის ობიექტებს ანაკლიაში, თბილისსა და სხვაგან, სადაც ასევე მივესალმებით ინვესტიციებს და ეკონომიკურ ინტერესს უზბეკეთიდან," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიესალმება უზბეკეთიდან საქართველოს ლოგისტიკის სექტორსა და ინდუსტრიულ ზონებში მეტი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც საქართველოში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები