"თიბისი კაპიტალის" ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვის თანახმად, ცენტრალური აზია ყალიბდება როგორც შედარებით მცირე, თუმცა მზარდი საექსპორტო მიმართულება.
პუბლიკაციის მიხედვით, ღვინის ექსპორტის ნაწილში განსაკუთრებით სწრაფად მზარდი ბაზარი უზბეკეთია.
"2024 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეგიონში თითქმის 3,800 ტონა შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4%-ს უდრის. მოცულობით წამყვან ბაზარს წარმოადგენს ყაზახეთი, რომელიც მეოთხე ადგილზეა საქართველოს საექსპორტო მიმართულებებს შორის. უზბეკეთი და ყირგიზეთი რჩება შედარებით მცირე, მაგრამ დინამიკურად მზარდ ბაზრებად, მაშინ როდესაც ტაჯიკეთსა და თურქმენეთში საქართველო ინარჩუნებს მყარ საბაზრო პოზიციებს",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით ქართული ღვინო ძირითადად საშუალო ფასის სეგმენტშია განთავსებული.
"ცენტრალური აზიის ქვეყნების ღვინის იმპორტში საქართველოს წილი სტაბილურად იზრდება - კონკურენტული ფასებით, რომლებიც უმეტეს ქვეყნებში ბაზრის საშუალო მაჩვენებლებს ემთხვევა ან ნაკლებია, რაც კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის მიმზიდველობას ამ სწრაფად მზარდ ბაზრებში",- წერია მიმოხილვაში.





























